„რეჟიმს ჩვენი პროფესიის - ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი“ - მზია ამაღლობელი
06.02.2026


კონკურსის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“ დაჯილდოების ღონისძიებაზე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ, მზია ამაღლობელის სიტყვა წაიკითხა.

მზია ამაღლობელის სიტყვა სრულად:

„მოგესალმებით,

ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ვირტუალურად, სადაც მეტ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მის მნიშვნელობასა და როლზეა საუბარი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული და წონადი მგონია იმის გამოც, რომ ის ევროკავშირის ორგანიზებულია – გაერთიანების, რომელიც იყო და მჯერა მომავალშიც იქნება მსოფლიოს უსაფრთხოების, სამართლიანობის, თანასწორობისა და კეთილდღეობის კომპასი.

აუდიტორიას გახსოვთ ალბათ 20 წლის მუსიკოსი ბიჭი, ერთ-ერთი იმ პოლიტპატიმრებს შორის, ვინც ქუჩაში ევროპული მომავლის მოთხოვნით გამოვიდა და დააკავეს. გახსოვთ, რა სიტყვებით დატოვა მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი განაჩენის გამოტანის შემდეგ: „მივდივარ სინათლის საძიებლად წყვდიადში“.

ციხე – ადგილი, სადაც გამოკეტილი ვართ, მართლაც წყვდიადს ჰგავს. აი, სინათლე კი ამ ბნელ უსასრულობაში ჩემთვის ინფორმაციაა, ის ამბები, რომელსაც თქვენ – კრიტიკული მედია ქმნით და როგორც სინათლე და მზის სხივი ისე შემოდის ჩემამდე. მადლობა ამისთვის.

ვფიქრობ, ამ დარბაზში ბევრი იდეალისტი უნდა იყოს – ჩემი ნაცნობ-მეგობარი ჟურნალისტების მსგავსად. მათ რიგებში ვხედავდი საკუთარ თავს, ოღონდ მანამდე, სანამ დამაპატიმრებდნენ. დაპატიმრებამდე ვიყავი მიუკერძოებელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წარმომადგენელი. მას შემდეგ კი, რაც ხელბორკილები დამადეს და საზოგადოებისთვის საშიშ პირად, სისხლის სამართლის დამნაშავედ გამომაცხადეს, ასე მგონია პროფესიაც წამართვეს.იძულებული გავხდი სხვის ისტორიებსა და ფაქტებზე კი არა, საკუთარ თავზე მელაპარაკა. მხარედმაქციეს.

დიახ, როცა შენს უფლებებსა და თავისუფლებაზე გიწევს საუბარი, როცა უსამართლობასთან, უკანონობასა და უთანასწორობასთან გიწევს ბრძოლა, როგორც მოქალაქეს და არა როგორც ჟურნალისტს, იქ მხარე ხარ. 

დღეს ჩემი კოლეგების – ჟურნალისტების ყოველდღიურობა კი დანაღმულ ველზე სიარულს დაემსგავსა. კრიმინალიზებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისუფალი და ეთიკური ჟურნალისტიკის გადასარჩენად.

არ იქნება გადაჭარბებული, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ რეჟიმს თავისი რეპრესიული და მტრული დამოკიდებულებებით ჩვენი პროფესიის – ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი.

დაუშვებს კი ამას ქართული საზოგადოება? მაგრამ მათაც ხომ ოლიგარქიის რეჟიმი პოლიტიკურად ავიწროებს, განათლების შესაძლებლობას უზღუდავს, სულიერი სამყაროსგან იზოლირებულ ცხოვრებას უგეგმავს, საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებად საყოფაცხოვრებო, სამომხმარებლო ინტერესებს გვიტოვებს.

რა იქნება ხვალ? – არ ვიცი. წესით უნდა იყოს ის, რაც ქართველ ხალხს გვინდა და არა ოლიგარქიის რეჟიმს და პუტინის რუსეთს. ქართველ ხალხს თავისუფლება და ევროპული მომავალი უნდა. მომავალი, რომელსაც არავინ გვაჩუქებს – ის ჩვენ უნდა შევქმნათ და მოვიპოვოთ.

ღირს ამისთვის ბრძოლა.

მადლობა.

მზია ამაღლობელი“.

-------------------------------------------

მზია ამაღლობელი 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ