მიზოგინია მეტაფორულ ენაზე
19.05.2020
რას მივიღებთ, თუ მიზოგინიას1 ეპატაჟის2 წარუმატებელ მცდელობას დავამატებთ და კარგად გავაზავებთ? რიგით 33-ე გაბულოგს, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში 2020 წლის 17 მაისს, 21:00 საათზე გავიდა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგები ე.წ გაბულოგები გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” მეტაფორული ენითა და “განთქმული” ენამახვილობით გადმოცემული კიჩური ჩანართებია, რომლებიც სხვადასხვა თემას ეძღვნება.

17 მაისის გაბულოგი “ქართულ ოცნებას” და მისი “მშობიარობის” უნაყოფო მცდელობებს ეძღვნებოდა. ერთი შეხედვით, შეუძლებელია, მშობიარობის სრულიად ბუნებრივი და ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი შეურაცხმყოფელ და უარყოფით ამბად წარმოაჩინო, თუმცა, უნდა ვაღიარო, გიორგი გაბუნიამ ეს შესანიშნავად შეძლო, როდესაც მშობიარობის პროცესი და მისი თანმდევი მოვლენები პოლიტიკური პარტიის დასაკნინებელ ანალოგიად გამოიყენა.

ტელეწამყვანს “ქართული ოცნების” მეტი სიმკვეთრით გასაკრიტიკებლად არც კიდევ უფრო “შეურაცხმყოფელი” ეპითეტის “ბერწის” მოშველიება დავიწყებია.

“... ბავშვი იქ არ არის, “ქართულ ოცნებას” ცრუ ორსულობა სჭირს, თან უკვე მერამდენედ. რაც სულაც არ არის გასაკვირი, ბერწი ადამიანის დაფეხმძიმება შეუძლებელია და რამდენიც არ უნდა ეძახო შობე, დარეჯან, შობე” მაინც ვერაფერს გააჩენს” - ვუსმენდი გაბუნიას პათეტიკური თეატრალობით წარმოთქმულ ამ სიტყვებს და ყველა იმ ქალზე მეფიქრებოდა, ვისაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველზე მაღალრეიტინგული ტელეარხის პრაიმტაიმიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ თუ შთამომავლობას ვერ და არ ტოვებს, უფუნქციო, არასრულყოფილი ადამიანია და მისი ადგილი აქ არ არის.

დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, ვინმე აუცილებლად მიმითითებს გაბულოგის მეტაფორულ ენაზე და მეტყვის, რომ ვაჭარბებ, ვინმე კი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების გადაკითხვისკენ მომიწოდებს, თუმცა, მე მჯერა, რომ მედიას მშვიდობიანი, ტოლერნატული, გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. “ბერწი ქალების” წუნდებულად წარმოჩენა “პოსტ ფაქტუმში” კი ამ როლს, სრულიად არ შეესაბამება.

მიზოგინური ენით გაბულოგის მხოლოდ დასაწყისი როდი გამოირჩეოდა, არა და არა, ტრიუმფალური ფრაზა გიორგი გაბუნიამ ბოლოსკენ შემოგვინახა, როცა დაასკვნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაითვალისწინა პოპულარული რჩევა და გაუპატიურების გარდაუვალობის გააზრებისას, უბრალოდ მოეშვა და პროცესისგან სიამოვნებას იღებს. არხის სოციალური მედიის გუნდმა ეს ფრაზა ისეთ საინტერესო მოვლენად ჩათვალა, რომ “მთავარი არხის” ოფიციალურ ფეისბუქზე, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მომწონებელი ჰყავს, ვიდეოს ატვირთვისას, აღწერაშიც კი გამოიყენა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლების მიმართ ქართული მედიის უგულო და არაეთიკური დამოკიდებულება არახალია. ეროვნული მედიის დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად ცდილობს გააძლიეროს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა ან/და შევიწროვება მსხვერპლის ბრალი იყო, მონდომებით ამოწმებს, მსხვერპლს “შარვალი ეცვა თუ კაბა” და მისი “საეჭვო რეპუტაციით” გულწრფელად შეწუხებული მეზობლების კომენტარებსაც არ გვაკლებს.

ამჯერად გიორგი გაბუნიას ემპათიისგან დაცლილმა, მიზოგინურმა ფრაზამ მოახდინა მსხვერპლების გრძნობების უგულვებელყოფა, მათი ტრამვების გაუბრალოება და ისე წარმოჩენა, თითქოს ადამიანის ნების საწინააღმდეგო, ძალადობრივი ქმედება, რომელიც ფსიქიკას მძიმე დაღს ასვამს, სასიამოვნო შეიძლება იყოს.

ხელმძღვანელობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; სამსახურში ყველა ქალისა და კაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა, პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და ხელშეწყობა; ყველა ქალი და კაცი თანამშრომლის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა; საწარმოს განვითარება, მიწოდების ჯაჭვები და მარკეტინგის პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას;თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით; გენდერული თანასწორობის მიღწევაში პროგრესის გაზომვა და საზოგადოებისთვის გაცნობა - ასეთია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები, ის პრინციპები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ “მთავარმა არხმა” ხელი პომპეზურად მოაწერა, რითაც რეგიონში პირველი ხელმომწერი მედია გახდა და განაცხადა, რომ არხის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, რომ, არხის ჟურნალისტები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რომ, თავის მხრივ, ორგანიზაცია “მთავარი არხის” სხვადასხვა გადაცემაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების გაშუქებას მონიტორინგს გაუწევს.

მართალია, მე მეეჭვება, რომ არხი, რომლის ეთერიდანაც მიზოგინური მესიჯები აქტიურად ისმის, ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ჯერ, უბრალოდ, დატრენინგება ვერ მოასწრეს?


[1]მიზოგინია (ბერძ. misos — სიძულვილი, და gyne — ქალი) — ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია.
[2]ეპატაჟი (Fr. épatage) სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს.

ბლოგის ავტორი : თამარ კაპანაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ