IFCN „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება
27.08.2025



„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარა და ის გამოძიებები, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო, საგანგაშო ესკალაციაა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან:

„მედიის განვითარების ფონდი (MDF), „მითების დეტექტორის" დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც IFCN-ის მიერ სერტიფიცირებული „პრინციპების კოდექსის" ხელმომწერია, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა იზრდება, მათ შორის მოთხოვნები პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი მონაცემების გადაცემაზე. MDF აღნიშნავს, რომ ეს ზომები, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს. 

ხელისუფლებამ გამოძიება MDF-ის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე — მათ შორის დონორების დაფინანსებისა და პროექტების საქმიანობის შესახებ დაიწყო. გამოძიებას ასევე საფუძვლად დაედო რედაქტორ თამარ კინწურაშვილის საჯარო განცხადებებიც, მათ შორის მისი გამოსვლა Deutsche Welle-ს გლობალურ მედია ფორუმზე, სადაც მან „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“ მიიღო“.

IFCN-ის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები ამ ქმედებებს დამოუკიდებელი არაკომერციული ჯგუფებისა და თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის დასრულება „როგორც პუტინის რუსეთში“: 

„ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა მედიაწიგნიერების გავრცელება, FIMI-ის (უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის) წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის სანდოობის ხელშემწყობი სხვა ინიციატივები, რომლებიც დაფინანსებულია დასავლელი დონორების მიერ, ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან," ნათქვამია კინწურაშვილის განცხადებაში. 

ხელისუფლება ამ ქმედებებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ახორციელებს. ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა, Amnesty International-მა, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და აშშ-ის ორივე პარტიის სენატორებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ გზას“.

როგორც „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ აღნიშნავს, ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრები არიან:

IFCN-ის „პრინციპების კოდექსის" დიდი ხნის ხელმომწერები – „მითების დეტექტორი" და FactCheck Georgia – აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და აძლევს მოქალაქეებს წვდომას გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე. 

IFCN გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უნდა მუშაობდეს შიშის გარეშე“. 

„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN), რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, იცავს პრესის თავისუფლებას და მხარს უჭერს ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში. 

განცხადება ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) ვებგვერდზე 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ