მე თქვენ გადანაშაულებთ
30.04.2025
კატეგორია - ბლოგი

 

პროლოგი

29 აპრილს, დილის 9 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა, რომელიც მეკითხებოდა ჩვენს კიდევ ერთ მეგობართანაც ხომ არ შევიდნენო. შევიდნენ, ანუ სახლში ჩხრეკაზე, რომელიც არავინ იცის რით დასრულდება, დაპატიმრებით თუ უბრალოდ ტექნიკის კონფისკაციით. რატომღაც ისე ხდება, რომ ქუჩაში, მიტინგის დროს დარბევაზე მეტად ეს სახლში შევარდნები უფრო მაშინებს. დედაჩემი, რომელიც 30-იან წლებში გაიზარდა, სულ მიყვებოდა, როგორ აშინებდათ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა, კარზე კაკუნის ხმა ჩხრეკაზე მისული ხალხის, დაპატიმრების… ამას ძალიან ხშირად გვიყვებოდა, სხვა ტრავმებთან ერთად, როგორც ჩანს, დედას შიშები იღვიძებს, როდესაც ვხედავ ახლობლების, ნაცნობების, თანამოაზრეების სახლში მისულ დღევანდელ „ენკავედეს“ და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემთანაც მოვლენ. არც მათ დააშავეს რამე და არც მე, მაგრამ ჩვენ ხომ „უცხო ქვეყნის ჯაშუშები“ ვართ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში. 


მედია და რეალობა

28 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“, დოკას კინოკლუბში ირანული ფილმი აჩვენეს წმინდა ლეღვის თესლი, სადაც ასეთი ეპიზოდია: გარეთ ადამიანებს სცემენ, არბევენ, წამლავენ, აპატიმრებენ… ქალს უნდა გაიგოს, რა ხდება ქალაქში, ტელევიზორს რთავს და კონცერტი მიდის. ეს ირანის რეალობაა. 

29 აპრილს, მასობრივი ჩხრეკების ფონზე, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, დეტალებს არ მოვყვები, მხოლოდ ერთ მონაკვეთს გამოვყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოხსენების შემდეგ, რომელშიც მან მაუწყებლის წარმატებებზე ისაუბრა (ასეთი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებში გექნებათ ნანახი, ქარხნის დირექტორი რომ გასული კვარტლის მიღწევებს უამბობს მის ზემდგომს), ბორდის წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს და დაამატეს: 

იხილეთ ვიდეო: 

ეს ახალი გადაცემაა „ხალხური“. ამ პროექტის შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მისი ანოტაციაც და გადაცემებიც აქ შეგიძლიათ იხილოთ. გეტყვით, რომ მშვენიერი, გადასარევი ხალხური მუსიკა ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსამზადებელ პერიოდში, გასულ ზაფხულს „ხალხურის“ ჯგუფმა შემოიარა მთელი საქართველო, საუკეთესო სასტუმროებში გაჩერდა, თან დაჰქონდათ დიდი სცენა, აპარატურა… ამ პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ოდნავ გაცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. 

თუმცა, კარგი მუსიკა ნამდვილად ისმის, იქაც კარგი კონცერტი იყო, ირანულ ფილმში, ტელევიზორში რომ გამოჩნდა, მაგრამ კონტექსტი აქაც და ირანშიც ამ კონცერტებისგან განსხვავებულია. 

დღევანდელ დღეს ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს პროპაგანდასა და გასართობ გადაცემებზე. რუსეთის ტელევიზიაც ხომ ამით არის ცნობილი?!  სანახაობა ნებისმიერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია, ამიტომაც არ იშურებს ვასილ მაღლაფერიძე ხალხის ფულს მათი გართობისთვის. წლებია ამ ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება გადაცემაზე - „მასტერ შეფი“. ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა, მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 369,924-ს შეადგენდა, ამ ბავშვებს ეკრანზე გემრიელად მომზადებული საჭმლის სანახაობას სთავაზობენ.  

იცით, ეს გადაცემები რისთვის არის? 

„სამართალდამცავები“ გარეთ რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს დაარბევენ, აქტივისტების სახლებში შეიჭრებიან, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო რომ გაიზრდება, ადამიანებს ისევ სცემენ, დაასახიჩრებენ და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ დროს იმაზე უნდა ინერვიულოს, ვინ გაიმარჯვებს კახეთის, იმერეთის თუ მცხეთა-მთიანეთის ჯგუფი. ვისი სიმღერა თუ კერძი აჯობებს?! შეხედავს სცენაზე ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ წამყვანებს, მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდები იზრუნებენ, იკაშკაშებს და იბრწყინებს ეკრანი, რომლის მეორე მხარეს ჩვენ ვისხდებით, რომელთაც კი, კარზე კაკუნის გვეშინია, მაგრამ უკან მაინც არ ვიხევთ და არ ვჩუმდებით. 

მესმის, ამ ადამიანებისთვის უცხოა ეს განცდა, რადგან მათ წინაშე საფრთხე არ არის, კარგად იქცევიან, რეჟიმის მოლაპარაკე თავები მათ უღიმიან, ხელს ართმევენ, მადლობას უხდიან შესანიშნავი გადაცემებისთვის... ისინიც ფიქრობენ: მე ხომ არაფერს ვაშავებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, არც მე მომწონს ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ოჯახს - პურს, საზოგადოებას კი სანახაობას ვაჭმევ. დიახ, სწორედ მათზე დგას რეჟიმი, არა მის ერთგულ მონა-მორჩილებზე, არამედ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ჩუმად არის და „თავის საქმეს აკეთებს“, აი, ასე:

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ისეთი, ვისაც არ მოსწონს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ამას არც მალავს, ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებს მონაწილეობას, ზოგი პირად საუბრებში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ეს ადამიანები შემდეგ მიდიან სამსახურში, მაყურებელს ართობენ და ფიქრობენ, რომ ამით არაფერს აშავებენ. 

ძვირფასო მეგობრებო, მსახიობებო, ჟურნალისტებო, იუმორისტებო… მე თქვენ გადანაშაულებთ რეჟიმის მხარდაჭერაში, მის გაძლიერებასა და თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის, ონისე ცხადაძისა და სხვების უკანონო პატიმრობის გამართლებაში. დიახ, თქვენი თანამშრომლობა რეჟიმთან ამ ადამიანების პატიმრობის გამართლებაა. ყველა, ვინც დღეს პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობთ და ღია ეთერში არ ლაპარაკობთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ამ ბოროტების მონაწილეები ხართ, რადგან ბოროტება ხშირად არა სიძულვილით და დაუნდობლობით არის ჩადენილი, არამედ უპასუხისმგებლობით. ასეთია ჰანა არენდტის მიერ მოყოლილი „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბოროტება ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების ჩუმ მორჩილებაში არსებობს.  


ეპილოგი

29 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ მის ბინაში პირველი შეჭრისა და ჩხრეკის შემდეგ, დიდხანს კარზე კაკუნის შიში ჰქონდა. ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანამ კონტექსტიდან ამოიღო და ქარდად აქცია. „იმედის“ თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, რა იგულისხმა ილიამ, ისინი ახლა ძალაუფლების ვერტიკალში არიან და იფიქრეს, ეს სიტყვები ილიას აკნინებს, მათ არ იციან, რომ დედაჩემს და მის თაობას მთელი ცხოვრება გაჰყვა სადარბაზოს კიბეებიდან მომავალი ნაბიჯების და კარზე კაკუნის ხმის შიში. 

კი, ჩვენც ასე ვიქნებით და დღეს, როდესაც ერთმანეთით ვამაყობთ, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გვაბედნიერებს, ერთად ვშფოთავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამორალურად გამოიყურებით ეკრანზე მოლაზღანდარე, ბრჭყვიალა მოლაპარაკე თუ მომღერალი თავები! 










ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ