„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაცია: შეწყდეს იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ
13.03.2026
კატეგორია - საქართველო


12 მარტს, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა. ის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

თითქმის 200-გვერდიან დოკუმენტში ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული. 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციებს შორის არის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი იმ ცვლილებების გაუქმებაც, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას (მუხლი 54) ეხება. მოთხოვნილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტისა“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონის უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებების გაუქმებაც.

წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის შესახებ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ფიზიკური ძალის არაპროპორციული გამოყენება, კერძოდ წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დისკუსიის სხვა მონაწილეები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო არიან დაკავებულნი.

სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ რეკომენდაციებს შორის არის სასამართლო პროცესების ადეკვატური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაც.

შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რეკომენდაციებში კი გათვალისწინებულია, რომ შეწყდეს იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ. გარდა ამისა:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დავიდეს მხოლოდ იმ უკიდურეს აუცილებლობამდე, რაც საჭიროა ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

  • ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუმართლებელი რეპრესიისგან, ასევე მათი აღჭურვილობის და გადაღებული მასალის უსაფუძვლო ჩამორთმევის ან დაზიანებისგან.

  • გაუქმდეს მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებული გადაჭარბებული შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით.

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მათ შორის:

  • ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიმართონ OPCW-ს აღმასრულებელი საბჭოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ფაქტის გასარკვევად.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში (ECHR-ის 33-ე მუხლის საფუძველზე).

  • რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.

ეუთოს 20-ზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საექსპერტო მისიამ საქართველოსთან დაკავშირებით მუშაობა 11 თებერვალს დაიწყო და როგორც ანგარიშშია მითითებული, ფართო მანდატმა განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა დიდი მოცულობის მასალის გასაანალიზებლად ძალიან შეზღუდულ დროში - 14 დღეში. ანარიშში გამოქვეყნებულია „ქართული ოცნების“ საპასუხო შეფასებაც. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს მის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ