„პუბლიკის“ ინფორმაციით, გამოცემის ორი ჟურნალისტისთვის, ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, 39 წლის ლევან ზარდიაშვილსა და 26 წლის საბა მინდიაშვილს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა 3000-3000 ლარის გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომის თარიღად კი 16 აპრილი, 16:00 განისაზღვრა.
გამოცემის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთებისას, პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა, რომ „მომატებულია საფრთხე მორიგი ახალი დანაშაულის ჩადენისა, ვინაიდან ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ [„პუბლიკის“ ჟურნალისტები] ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, რა დროსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რის გამოც ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისა“.
როგორც „პუბლიკა“ წერს, პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ზარდიაშვილის ნასამართლეობასა და სხვა ფორმალურ საფუძვლებზეც - მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე:
„პროკურატურის პოზიციის საპასუხოდ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლეს თანხის შემცირება და გადახდის ვადის გაზრდა სთხოვეს [პროკურატურა 20 დღეს მოითხოვდა].
ბრალდებულმა ლევან ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ არის დროებით უმუშევარი, „არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს 3000 ლარი“ და სასამართლოს შეღავათის გაწევა სთხოვა.
საბა მინდიაშვილმა კი მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამგეობაში მუშაობს.
„წეღან ვუთხარი [პროკურორს], რომ ქორწილი მაქვს-მეთქი და თუ დამეთანხმება, რომ დამიკლოს გირაოს თანხა, გამიხარდება… გამგეობის თანამშრომელი ვარ“, – თქვა საბა მინდიაშვილმა“.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
საქმე ეხება 2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე ძალადობისა და ტელეფონის წართმევის, ხოლო გამოცემის მეორე ჟურნალისტისთვის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. ქეშელაშვილს „ქართული ოცნების“ შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს ხელზე დაარტყეს, ტელეფონი გააგდებინეს და წაართვეს. მან ტელეფონი მოგვიანებით კოლეგის დახმარებით დაიბრუნა.
იმავე ღამით, კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას საქმიანობაში ხელი ჯამში 6 ჟურნალისტს შეუშალეს.

