კომუნიკაციების კომისია
აცხადებს, რომ ის, როგორც მაუწყებლობის სფეროს
მარეგულირებელი „პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის
საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი
და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში“.
ComCom-ი წერს, რომ „გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია“.
კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, „რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება“, მას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. „რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია“.
ComCom-ის განცხადებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიაჩნიათ, „მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა“.
24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო ტელეკომპანიები: „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.
2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც.

