წინასაარჩევნოდ ცესკოს დაფინანასებულ მასალებს მედიის ნაწილი შესაბამისი აღნიშვნის გარეშე აქვეყნებდა
05.12.2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ონლაინ გამოცემაში ინფორმაციის განთავსების მომსახურება შეიძინა. მედიაჩეკერმა 28-ვე პლატფორმა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ნაწილმა ცესკოს შესახებ სტატიები როგორც სარედაქციო მასალები ისე გამოაქვეყნა, რამდენიმემ რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი მხოლოდ სატიების ნაწილს დაურთო. 28-დან მხოლოდ ერთმა გამოცემამ, On.ge-მ მიუთითა ვის მიერ იყო დაფინანსებული კონკრეტული სტატია.

ინფორმაციის განთავსების მომსახურება ცესკომ გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა “კლიპარტისგან”, რომელიც შუამავალი სარეკლამო კომპანიაა და მომხმარებლებს სხვადასხვა მედიასაშუალებებში სარეკლამო მასალების განთავსების მომსახურებას სთავაზობს. შპს “კლიპარტთან” 16 299 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე ორი დღით ადრე, 2018 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ონლაინ გამოცემებში მასალები 12 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში უნდა გამოქვეყნებულიყო.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს, ცესკომ ინფორმაციის განთავსებაზე ცალკე ხელშეკრულება გააფორმა შპს “ედლაინთან” 5310 ლარზე. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ვებგვერდზე ipn.ge ცესკოს მასალები 12 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში უნდა განტავსებულიყო
პლატფორმების ჩამონათვალი და მათთვის გადახდილი თანხა
(სქრინშოთი ხელშეკრულებიდან)


ცესკოს მიერ “მედიაჩეკერისთვის” მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 12-დან 30 ნოემბრამდე (საჯარო ინფორმაციიის მიღებამდე) პერიოდში, აღნიშნულ პლატფორმებზე ჯამში 442 მასალა გამოქვეყნდა.

ვებგვერდებზე განთავსებული სტატიების რაოდენობა
(წყარო: ცესკო)

მედიაჩეკერმა დოკუმენტში მითითებულ პლატფორმებზე ყველა ის მასალა მოძებნა, რომელიც ცესკოს შეეხება. აღმოჩნდა, რომ 28-დან 13-ზე რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი არცერთ მასალას არ აქვს დართული. თითოეული მათგანი ხელშეკრულების ფარგლებშია მომზადებული თუ რედაქციამ ამბავი თავად მიიჩნია საჯარო ინტერესის შემცველად, რთული სათქმელია. თუმცა, ფაქტია ის, რომ ამ გამოცემებთან სარეკლამო მოლაპარაკებები არსებობდა და შესაბამისად, სარეკლამო ნიშნით მასალები უნდა იძებნებოდეს.

ეს გამოცემებია:
  1. Itv.ge
  2. Primetime.ge
  3. Ipress.ge
  4. For.ge
  5. Info9
  6. Kvira.ge
  7. Reportiori.ge
  8. Droni.ge
  9. Qartuliazri.ge
  10. Presa.ge
  11. newspress.ge
  12. Newposts.ge
  13. qartli.ge
ორ მედიასაშუალებაში, pia.ge და medianews.ge იძებნება მასალები როგორც NS ნიშნით, ისე მის გარეშე. ისინი დაფინანსების შესახებ მინიშნებას მხოლოდ მასალების ნაწილს ურთავდნენ. ეს შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ შესაბამისი ნიშნის გარეშე მომზადებული მასალები ხელშეკრულების ფარგლებში არ ყოფილა მომზადებული. თუმცა, ამ გამოცემების შესახებაც ზუსტად ვიცით ის, pia.ge-ზე ცესკოს დაფინანსებული 28, medianews.ge-ზე კი 12 მასალა უნდა იყოს.

დანარჩენი 13 გამოცემა მასალებს ან სარეკლამო განყოფილებაში ათავსებდა, ან რეკლამის აღმნიშვნელ ნიშანს (NS, R ან დ) ურთავდა.

ასეთი გამოცემებია:
  1. On.ge
  2. Tabula.ge
  3. Ipn.ge
  4. Sknews.ge
  5. Fax.ge
  6. Expressnews.com.ge
  7. Livepress.ge
  8. Speqtri.ge
  9. Psnews.ge
  10. Accentnews.ge
  11. Guriismoambe.com
  12. Gurianews.com
  13. Newpress.ge
ვის მიერ იყო კონკრეტული მასალა დაფინანსებული, ამ 13-დან მხოლოდ ერთმა, On.ge-მ მიუთითა. ამ მედიასაშუალებამ ცესკოს დაფინანსებით, 16 და 18 ნოემბერს, ორი სტატია გამოაქვეყნა შემდეგი სათაურებით: „გია აბაშიძე: საერთაშორისო დამკვირვებლებისა და NGO-ების შეფასებით, ცესკო მოქმედებს კანონის ფარგლებში“, და “ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება“.

ეს მასალები შეიცავს ექსპერტის მოსაზრებებს არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე და მკითხველისთვის რთული გადასარჩევია ჟურნალისტის მიერ შექმნილი პროდუქტისგან. ანალიტიკოსები ეხმაურებიან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას არცევნების შუა კვირაში დანიშვნის თაობაზე და ამბობენ, რომ ამით ამომრჩევლებს ხელი არ შეეშლებათ. მათივე მოსაზრებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მხოლოდ ცესკოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მეორე ტურის თარიღი ცესკომ 14 ნოემბერს გამოაცხადა, ექსპერტების მოსაზრებები კი მედიებში 16, 18 და 19 ნოემბერს გამოქვეყნდა. მსგავსი შინაარსის სტატიებს, On.ge-ს გარდა, სარეკლამო ნიშანი Pia.ge-მ, medianews.ge-მ, gurianews.ge-მ და fax.ge-მაც დაურთო.

ვებსაიტებზე:  pia.geipress.geitv.ge, primetime.ge, for.ge, info9, kvira.gereportiori.ge, droni.ge, qartuliazri.ge, presa.ge, გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებების შემცველი, იდენტური შინაარსის მასალები სარეკლამო მითითების გარეშეა გამოქვეყნებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, გამოცემებმა სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გამიჯნონ მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.

ერთ-ერთი საქმე, რომელშიც განმცხადებელი მეცხრე პრინციპის დარღვევაზე ჩიოდა, ქარტიის საბჭომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს განიხილა. საქმე ეხებოდა primetime-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მომზადებული იყო როგორც სარეკლამო მასალა, თუმცა, შესაბამისი აღნიშვნა არ ჰქონდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან სადავო სტატიაში არ იყო მინიშნება, რომ იგი იყო სარეკლამო, ქარტიის მე-9 პრინციპის დარღვევა დადგინდა.

კიდევ ერთ გადაწყვეტილებაში, საქმეზე გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, საბჭომ აღნიშნა, რომ თუ მედია საშულება გადაწყვეტს, საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყოს მითითება იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა.

“მკითხველს/მსმენელს აქვს მოლოდინი რომ მედია საშუალებით გამოქვეყნებული მასალის შინაარსი ასახავს ავტორი ჟურნალისტის ძალისხმევას, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია და თუ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ ატარებს სხვა პირის ინტერესს, ამის შესახებ ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, კერძოდ მითითებული უნდა იყოს რომ ინფრომაციაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა და უნდა აღინიშნოს ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება”, - ვკითხულობთ საბჭოს რეკომენდაციაში ზემოაღნიშნულ საქმეზე.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ