არაქართულენოვანი არხების ყურებადობა მცირდება - NDI
20.05.2019
კატეგორია - საქართველო
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის აპრილის პერიოდში 9 პროცენტით შემცირდა არაქართულენოვან სატელევიზიო არხების მაყურებელთა რიცხვი. თუ 2016 წელს გამოკითხულთა 23% ადევნებდა თვალს პოლიტიკურ და მიმდინარე მოვლენებს არაქართულენოვან არხებზე, მათი რაოდენობა უკანასკნელ სამ წელიწადში 14%-მდე შემცირდა. მათგან უმრავლესობა კი რუსულ სატელევიზიო არხებს - НТВ, 1 Канал/ОРТ, Россия 1 და RTR-ს უყურებს. მხოლოდ მეოთხე ადგილზეა CNN-ი. საერთო ჯამში 17 უცხოენოვანი მაუწყებელიდან, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს, 11 რუსულენოვანი არხია. ამ არხებს ძირითადად სომხურ და აზერბაიჯანულენოვან დასახლებებში უყურებენ.

კვლევის მიხედვით, მედიასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უცვლელია. მაგალთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ 72%-თ კვლავ ტელევიზია რჩება. მცირე ზრდა შეინიშნება იმ მოსახლეობის, ვინც ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს. 2018 წლის მარტის შემდეგ ეს მონაცემი 18-დან 21%-მდე გაიზარდა. სტაბილურად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობაც. გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.

alt

უცვლელია ტელეკომპანიების მიმართ ნდობა. მოსახლეობა კვლავ ყველაზე მეტად “იმედს” ენდობა. თუმცა, მის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 32 პროცენტს არ აჭარბებს. 2017 წლიდან თითქმის ათი პროცენტით შემცირდა “რუსთავი 2-ის” მიმართ ნდობა და მან მეორე ადგილზე სწორედ ამ პერიოდიდან გადაინაცვლა. მას 2019 წლის აპრილის მონაცემებით 28 პროცენტი ენდობა. მცირედით გაიზარდა და 4 პროცენტს მიაღწია ტვ პირველის მიმართ ნდობამ. საზოგადოებრივილი მაუწყებელი კი მხოლოდ მას შემდეგ მოდის 3 პროცენტიანი მაჩვენებლით. ამავე რაოდენობის ადამიანი ენდობა Az TV-ს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს და მას თითქმის იმდენივე პროცენტი ენდობა, რამდენიც "ობიექტივს" და Armenia TV-ს.  

alt

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ ჩაატარა 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2,927 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა . კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3%-ია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ