საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა
01.05.2025



საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა. ამ გადაწყევტილების შესახებ ტელევზიიამ თანამშრომლებს დღეს წერილობითი ფორმით შეატყობინა: 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს - „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“.

„რეალური სივრცის“ გუნდი ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყევტილებისა და მიღებული შეთავაზების შესახებ პრესკონფერენციას ორშაბათს, 5 მაისს გამართავს. 

ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. სოსო კაციტაძეს, თამარ მშვენიერაძესა და ტუხა კვინიკაძეს კი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა. 

ნინო ზაუტაშვილის არხიდან გათავისუფლების შემდეგ „რეალური სივრცე“ „პირველი არხის“ რადიო ეთერში აღარ გასულა. გადაცემა ტელევიზიიდან რადიოს ეთერში კი 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადავიდა. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ