„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული
წესით წარდგენილ კანონპროექტებსა და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებულ
ღონისძიებებს
ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის
თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობამ კრიტიკულ
ზღვარს მიაღწია.
კოალიციის, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და განხორციელებული ანტიდემოკრატიული ღონისძიებები საბჭოთა კავშირისა და დღევანდელი რუსეთის რეპრესიული სისტემის მეთოდებს იმეორებს და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.
კოალიციის შეფასებით, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა „ქართული ოცნების“ რეპრესიული ხასიათის გამოვლინება, ამაღლობელი კი რეპრესიული სისტემის სიმბოლოა:
„ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ მხედველობის, მწვავე გაუარესება აშკარად მიუთითებს უკანონო პატიმრობის ნეგატიურ ზეგავლენას მის ჯანმრთელობაზე. ევროპარლამენტის მიერ 324 ხმით მიღებული რეზოლუცია, რომელიც მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს, ცხადყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პოლიტიკურ ხასიათს“.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები კი „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის გაგრძელებას წარმოადგენს და
ისეთ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, რომელიც პრაქტიკულად აუქმებს მედიას, ჟურნალისტებს თვითცენზურას აიძულებს და საბოლოოდ ასამარებს კრიტიკულ საზოგადოებრივ დისკურსს:
„კერძოდ, უქმდება ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. ასევე უქმდება ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს. წესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში“.
როგორც კოალიცია აღნიშნავს, წყაროების დაცვის უფლების გაუქმება პრაქტიკულად საგამოძიებო ჟურნალისტიკის დასასრულს ნიშნავს:
„შეუძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქება. სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების დაწესება კი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დააყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე“.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით წარდგენილ იმ კანონპროექტსაც ეხმაურება, რომლითაც მედიისთვის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.
ორგანიზაციის შეფასებით, წარდგენილი კანონპროექტით, მედიის მიერ სასამართლოს პროცესების გადაღება შეუძლებელი ხდება, რაც საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას, თვალის ადევნოს მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას:
„პროექტი ითვალისწინებს სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების აკრძალვას. პროცესების ვიზუალური გადაღების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილების შემდეგ. კანონპროექტი სასამართლოს უფლებას აძლევს, ჩამოართვას შესულ პირებს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ნებისმიერი ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან აუდიოსაშუალება. ეს ცვლილებები მედიის საქმიანობას კრიტიკულად შეზღუდავს და ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლო სისტემის კონტროლს საზოგადოების მხრიდან“.
კოალიცია სამოქალაქო საზოგადოებაზე კოორდინირებულ შეტევას უწოდებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მათი წევრი ორგანიზაციების: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „მედიის განვითარების ფონდის“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებს:
„ბენეფიციარების პირადი მონაცემების, საადვოკატო საიდუმლოების და საქმიანობის ყველა დეტალის უკანონოდ მოთხოვნა არღვევს არა მხოლოდ ორგანიზაციების, არამედ ათასობით მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ბენეფიციარების უფლებების შეზღუდვას, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას, მისი საქმიანობის შეჩერებას და საბოლოოდ – დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ განადგურებას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას წევრი ორგანიზაციების მიმართ. ასევე, მხარს ვუჭერთ პარტნიორ ორგანიზაციებს, ჩვენს კოლეგებს მათ სამართლებრივ ბრძოლაში და გვჯერა, რომ ეს რეპრესიული ღონისძიებები ვერ შეაჩერებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციები გამოიყენებენ ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმს მათი უფლებების და ღირსების დასაცავად“.
კოალიცია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ყურადღება გააძლიერონ და დემოკრატიულ ძალებს ქვეყანაში მხარდაჭერა გამოუცხადონ:
„ამ კრიტიკულ მომენტში მედია ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას, მედია ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს – გააერთიანონ ძალები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არის დემოკრატიის თავისუფლების საფუძველი“.