„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ბათუმის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე გახდა
29.01.2026


„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე გახდა. კიკვაძეს მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე 8 წევრიდან 7-მა დაუჭირა, ერთმა - ლაშა ტუღუშმა კი თავი შეიკავა.

ირაკლი კიკვაძეს კონკურსში მონაწილეობის გამო, „მხნეობისათვის და გაბედულებისთვის“ მადლობა გადაუხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ და „ყველანარიად გვერდში დგომასა და ხელშეწყობას“ დაჰპირდა. 

„ნამდვილად ძალიან სიმპატიური, ჩვენი გადაწყვეტილებაც იყო, დატოვა თქვენმა ხედვამ და გამოცდილებამ და ძალიან გამიხარდა ეს გამოცდილება… 

თქვენ რომ გაერკვევით იქ, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, ასე ვიტყოდი, გასაუმჯობესებელი, რომელიც, მე ასე ვუყურებ, დირექტორის მხრიდან უნდა წამოვიდეს და მე ამას უფრო ველოდები, თქვენგან წამოსვლას, იმიტომ რომ, ამიტომაც არის გაყოფა, ეს ვერანაირი გაუმჯობესება და ცვლილება ვერ მოხდება სამეურვეო საბჭოს მხრიდან და გინდა, ზეწოლით. ეს დირექტორისგან უნდა მოდიოდეს, ასე ვთქვათ, ეს იმპულსი“, - თქვა ვასილ მაღლაფერიძემ 29 იანვრის სხდომაზე. 

კიკვაძეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად არჩევა მიულოცეს სამეურვეო საბჭოს სხვა მხარდამჭერმა წევრებმაც. მას გამძლეობა და სულიერი სიმშვიდე უსურვა თამილა დოლიძემ, გიორგი კოხრეიძემ კი უთხრა: „უბრალოდ, მე მინდა ერთი რაღაცა გისურვო, ირაკლი, შენი პიროვნებიდან გამომდინარე, იმდენი „ცუდი საქმე“ გაქვს გასაკეთებელი იქ, რომ წარმატება მინდა გისურვოთ და გვერდში დგომა ბოლომდე“.

ირაკლი კიკვაძის შრომის ანაზღაურება ხელზე ასაღები 7 000 ლარი იქნება. სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება 2025 წლის 23 დეკემბერს მიიღო.

კიკვაძე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მესამედ გამოცხადებული კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი აქამდე ორჯერ ჩაიშალა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ