კახი ბექაურს უფლებამოსილების ვადა ეწურება
29.10.2025


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს უფლებამოსილების ვადა ეწურება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ბექაურის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე, მთავრობამ კომუნიკაციების კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. კომისიის წევრობაზე კანდიდატურის დასახელების უფლება ყველას აქვს, შესაბამის საბუთებს მთავრობის ადმინისტრაცია 15 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს.

--------------------

კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან არის. ის მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე  ერთი და იგივე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული ცვლილებითკი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.

21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, 5 ცეცხლსასროლი იარაღი - რა ქონებას ფლობს კახი ბექაურის ოჯახი - წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალა ვრცლად.

--------------------

„მაუწყებლობის შესახებ“  კანონით, ComCom-ის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნდება, შემდეგ მთავრობა არანაკლებ სამ კანდიდატურას პრეზიდენტს  წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. კომისიის თავმჯდომარეს კი ფარული კენჭისყრით კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, 3 წლის ვადით ირჩევს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ