კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარი იქნება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, ComCom-ის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2025 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2026 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად: კომისიის 2026 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა 18 581 421 ლარი შეადგინა, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი 14 667 233 ლარია, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი - 3 392 801 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები (საპროცენტო შემოსავლები) - 521 388 ლარი, სარეზერვო ფონდიდან ასათვისებელმა თანხამ კი 6 243 779 ლარი შეადგინა:
„შესაბამისად, 2026 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 24,825,200 ლარს“.
კომუნიკაციების კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 10 912 417 ლარია განკუთვნილი.
ComCom-ის 2026 წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარი მედიაწიგნიერებაზე დაიხარჯება, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედიააკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.
„მედიააკადემიის“ 2026 წლის ბიუჯეტიდან (3 853 205 ლარი) 1 563 580 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება, 2 289 624 ლარი კი ადმინისტრაციულ და საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.
კომუნიკაციების კომისიამ ააიპ „მედიააკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედიაკრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი 2021 წლის სექტემბრიდან შორენა შავერდაშვილია. შავერდაშვილი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ და „ლიბერალის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის იანვარში ეწურება. ის კომისიის თავმჯდომარედ მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში, ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი:
„მედია აკადემიის“ 2026 წლის ბიუჯეტი:

