ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ ვიტალი
გუგუჩია, რომელსაც პროპაგანდისტული ტელეკომპანია POSTV-ის
ჟურნალისტისთვის, ნათია ბერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში
ხელშეშლასა და ძალადობას ედავებოდნენ, 25 თებერვალს, სრულად
გაამართლა.
ვიტალი გუგუჩიას ერთ-ერთი ადვოკატის, რევაზ მიქაიას თქმით, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ყველაფერს გაკეთებენ იმისთვის, რომ ეს განაჩენი შემდეგ ინსტანციებშიც ძალაში დარჩეს:
„ბრალდებამ თავისი დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა, დაცვამ
- თავისი და მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება.
სრულად გამოვიკვლიეთ დაცვის მხარის მტკიცებულებები, ასევე, ბრალდების
მხარის მტკიცებულებები… სასამართლომ სრულიად ობიექტური გადაწყვეტილება
მიიღო. მოლოდინი გვქონდა და დარწმუნებულებიც ვართ, რომ პროკურატურა
გაასაჩივრებს სააპელაციოში და უზენაესშიც წავლენ. ჩვენ ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს განაჩენი დარჩეს ძალაში“, - განაცხადა
მიქაიამ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
ვიტალი გუგუჩიას საქმე
2024 წლის 28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის შენობიდან მომავალ დეპუტატებს გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე ამ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ამ მოვლენებიდან მალევე, 5 აგვისტოს, პროკურატურამ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, ვიტალი გუგუჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარუდგინა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე დღეს, 6 აგვისტოს კი, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროპაგანდისტული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. მან დასანქცირებამდე 25 დღით ადრე, 30 იანვარს, თავისი წილი მართვაში კასპის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილს გადასცა.
ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. დანარჩენ 24-24%-ს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ.

