„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე თბილისის საქალაქო
სასამართლოსგან მისი ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ ცნობასა და
მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. კაკაბაძემ სასამართლოს დღეს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ
ცნობაზე საჩივრის არ დაკმაყოფილების შემდეგ, მიმართა.
ნინია კაკაბაძე 2025 წლის 3 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების შემდეგ, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს, ისე რომ დაკავების მიზეზიც არ განუმარტეს.
„პრეს ბარათი დაკავების დროსაც ვაჩვენე დამკავებელ პოლიციელებს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დამაკავეს და გადამიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე. დაკავების წუთიდან გათავისუფლებამდე ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას, თუმცა არც ერთხელ არ მომცეს შესაძლებლობა, რომ დამერეკა. გარდა ამისა, არ მომცეს უფლება დროულად დამერეკა ჩემს არასრულწლოვან შვილთან, რომელიც მარტო იყო შინ.
დაკავებიდან დაახლოებით 2-3 საათში გამათავისუფლეს, როგორც დაკავებისას არ განუმარტავთ, ასევე არც გათავისუფლებისას განუმარტავთ, რა მიზეზით მიშვებდნენ ან საერთოდ რატომ დამკავეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადგილზე მისვლის დროსაც, განვუმარტავდი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ვასრულებდი ჟურნალისტურ საქმიანობას, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გავეთავისუფლებინე, რადგან ჟურნალისტი, რომელიც ასრულებს პროფესიულ მოვალეობას, ვერ იქნება სამართალდამრღვევი.
მიმაჩნია, რომ ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო უკანონო, ისევე როგორც უკანონო და დაუსაბუთებელია ჩემი დაკავების გადაწყვეტილება“, - წერს ჟურნალისტი სარჩელში.
ნინია კაკაბაძის ადვოკატის, ილონა დიასამიძის თქმით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტის ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოდან დოკუმენტაციის ჩაბარებისთანავე მიმართეს.
„პირველ პროცესზე ჩაგვბარდა დოკუმენტაცია და 10 დღის ვადაში გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით დაკავება. პასუხი იქამდე მივიღეთ, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გაამართლებდა ნინია კაკაბაძეს ანუ მიიღებდა გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა და განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაადასტურა, რომ ჟურნალისტი არღვევდა კანონს, შესაბამისად გაათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ ვთვლით, რომ ნინია კაკაბაძის გამართლებას პირდაპირი კავშირი აქვს ამ საქმესთანაც და შესაბამისად, ის უნდა გამართლდეს ადმინისტრაციული დაკავების ნაწილშიც, თუკი არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, შესაბამისად არ არსებობს პირის ადმინისტრაციული დაკავების საჭიროებაც!
პირველ ეტაპზე, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს. ხოლო შემდგომ უნდა დაინიშნოს საქმის ზეპირი განხილვის თარიღი“, - ამბობს დიასამიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმე 21 აპრილს შეწყვიტა. შსს კაკაბაძეს „გზის გადაკეტვას“ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ედავებოდა. პოლიციამ ის 2025 წლის 3 ნოემბერს დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.

