პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო
28.04.2026


პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) ქართულენოვანი ახალი ამბების სამსახური - VT Sakartvelo News შექმნა. პირველი სატელევიზიო ეპიზოდი მაყურებელმა გუშინ, 27 აპრილს ნახა. 

„ეს არის VOT TAK-ის პროექტი, რომელიც, პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (TVP) საერთაშორისო ცენტრის ნაწილია. ეთერში ვართ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და იმ საერთაშორისო პროცესების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას და გთავაზობთ ობიექტურ ინფორმაციას“, - ვკითხულობთ პლატფორმის აღწერაში. 

TVP-ის ქართულენოვან პროგრამაზე ქართველი ჟურნალისტები: რატი მუჯირი, ნათია კობერიძე და სოფიო ნაცვლიშვილი იმუშავებენ. 

„საქართველოში არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იხსნება კიდევ ერთი საინფორმაციო ფანჯარა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა ქართულ აუდიტორიას მივაწოდოთ განსხვავებული, დაბალანსებული და საინტერესო ამბები არა მხოლოდ საქართველოს შესახებ. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი წარმატებული იქნება.

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ კარიერის ფონზე, რაც უკვე გავლილი მაქვს, საქართველოდან მაუწყებლობის 20-ზე მეტი წელი, ახლა უკვე დადგა ახალი ეტაპი, როდესაც პოლონეთიდან მექნება საშუალება იგივე ვაკეთო. ეს, რა თქმა უნდა, პროფესიულად ახალი გამოწვევაა და იმედი მაქვს, თავს კარგად გავართმევ“, - ამბობს რატი მუჯირი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

როგორც პოლონეთის საელჩო საქართველოში წერს, „VT Sakartvelo News წარმოადგენს ევროპულ პერსპექტივას, გადმოსცემს სანდო ინფორმაციასა და მხარს უჭერს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას“. 

TVP-ის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის მუშაობის დაწყებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც:  „პროგრამა გთავაზობთ სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას“. 

გამოშვება გადაიცემა Biełsat-ზე და ხელმისაწვდომი იქნება VT Sakartvelo News-ის YouTube არხზეც. 

პოლონურ საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთაშორისო მაუწყებლობის ფარგლებში რამდენიმეენოვანი პროგრამა აქვს, მათ შორის სომხურ და რუმინულ ენებზე.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ