საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა
03.06.2026


2 ივნისს, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა. მეურვეობის კანდიდატებზე განაცხადები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 8 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ეწურება. აბაშიძე და მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, მურღულია კი - უმრავლესობის. 

მათ გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეები არიან: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული. 

პარლამენტი ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, სამს კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალ 3 წევრს პარლამენტი „ქართული ოცნების“, „საქართველოსთვის“ და „ხალხის ძალის“ წარდგინებით აირჩევს.  

სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ, საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული). 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ