IPI: დამოუკიდებელი მაუწყებლებისთვის დაწესებული ჯარიმები ზეწოლის კიდევ ერთი ესკალაციაა
02.07.2026

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ საქართველოში დამოუკიდებელ ტელემაუწყებლებზე მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და კომუნიკაციების კომისიის მიერ „ფორმულასა“ და „TV პირველისა“ დაჯარიმებასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ ცრუ დასმენის მუხლით დაწყებულ გამოძიებას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების მორიგ ესკალაციად აფასებს.

IPI-ის განცხადებით, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არადამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით აძლიერებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიიღოს ზომები დარჩენილი მედიის თავისუფლების დასაცავად. 

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 25 ივნისს, 2 500 ლარით დააჯარიმა.   

კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ ფრაზების: „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“ და სხვ.  - გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 21 მაისს, 2 500 ლარით დააჯარიმა  ტელეკომპანია „ფორმულაც“.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ყურადღებას ამახვილებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ იმ ცვლილებაზეც, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც IPI-ი წერს, ორგანიზაციის მონიტორინგის მიხედვით, არჩევნების შემდეგ საქართველომ პრესის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მძიმე გაუარესება განიცადა, რაც კი ოდესმე ევროკავშირის წევრ ან კანდიდატ ქვეყნებში დაფიქსირებულა.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას მიმართ „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე მოითხოვს, რომ საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინოს სიუჟეტის საზოგადოებრივი ინტერესი, შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება „ფორმულას“ წინააღმდეგ და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას.

ორგანიზაცია ასევე, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკული მაუწყებლების მიმართ დისკრიმინაციული და არაპროპორციული სანქციების გამოყენება და პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო დებატებს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ