შსს-ს თქმით, კობა ფარტენაძე პოლიციის შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს
17.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის ტელევიზიის“ წამყვანი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. 

„კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“

კობა ფარტენაძის ადვოკატის, თემურ ქავშბაიას თქმით, „აჭარის ტელევიზიის“ წამყვანი ადმინისტრაციული წესით დააკავების შემდეგ ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა, ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში დააკავეს. 

„ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს პოლიციის მე-2 განყოფილებიდან მიმართვის, წერილის საფუძველზე წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გადმოგვცემია“, - უთხრა ქავშბაიამ „მედიაჩეკერს“. ამ დროისთვის, მას ნანახი არ ჰყავდა ფარტენაძეც. 

12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს 7 000-7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგმა, ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ 10 აგვისტოს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, მას დაჭრით ემუქრებიან და ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით მიმართავენ. მეორე დღეს, 11 აგვისტოს, შსს-მ ფარტენაძის მიმართ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. გუშინ, 16 აგვისტოს კობა ფარტენაძემ ისევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას თავს მორიგჯერ დაესხნენ. 

ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმების სასწრაფოდ გამოძიებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა 10 აგვისტოს, შსს-ს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ