ComCom-მა „რუსთავი 2“ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისთვის წერილობით გააფრთხილა
10.09.2026

კომუნიკაციების კომისიამ პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (სს „მედია ჰოლდინგი“) ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისთვის წერილობით გააფრთხილა. როდესაც მაუწყებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცირებული არ არის, კომისია მას პირველ ჯერზე წერილობით აფრთხილებს.

კომისიამ „რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხი წინა ხუთშაბათს განიხილა, გადაწყვეტილება კი დღეს, 10 სექტემბერს გამოაცხადა. 3 სექტემბრის სხდომაზე ამ საკითხის მოხსენებელმა თქვა, რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, „რუსთავი 2“-ის ეთერში 10-12 აგვისტოს გასული ახალი ამბების პროგრამები შეამოწმა და გამოავლინა, რომ ტელეკომპანია ახალ ამბებს პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე გადასცეს, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.  

დარღვევის მაგალითებად პავლე ბერიამ ახალი ამბების გაშუქებისას წამყვანის მიერ გამოყენებული შემდეგი ფრაზები დაასახელა: „კონცერტები რუსეთში აგვისტოს ომის შემდეგ და იძულებითი მეტამორფოზა უკრაინის ომზე“, „დუმილის კომფორტი მათ მხოლოდ უკრაინის ომმა დაურღვია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურმა ტრენდმა აიძულა მორალური ამნეზიიდან გამოსულიყვნენ“, „ოპოზიციის პასიურობით გაბრაზებული ბელადი და პლიაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია“, „კეთილდღეობა სხვების ხარჯზე“, „სკანდალური განცხადებაც არ გამოდის სპონტანური და ის იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება უნდა მოხდეს“, „რევანშით ანთებული ბელადი“, „ახლა მას სურს ერთპიროვნული მმართველობა ოპოზიციაში, ერთპიროვნულად იღებს გადაწყევტილებებს საკუთარ პარტიაში, თუმცა მას მორჩილი უმრავლესობა სჭირდება სხვა პარტიებშიც, რათა მათი მთავარი დღის წესრიგი აგებული იყოს მისი ციხიდან გათავისუფლებაზე“. 

საკითხის განხილვას ესწრებოდა „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელიც. მისი თქმით, არხი შეეცდება, რომ გაითვალისწინოს კომისიის მითითება, თუმცა „ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ სპეციალურად რაღაც დარღვევა გვქონოდა“. 

კომუნიკაციების კომისიამ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, უკვე ორ-ორჯერ, 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიები „TV პირველი“ და „ფორმულა“, ხოლო ერთხელ, 2 500 ლარით - პროსამთავრობო „პოსტვ“-ი. კომისიამ ეს მაუწყებლები, „იმედთან“ ერთად, პირველად წერილობით აპრილში გააფრთხილა. გაფრთხილების შემდეგ, კომისიას არ განუხილავს პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კანონმდებლობის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხი. 

-------------------------------------  

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.
                                                                                          
კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე - გოგა გულორდავა ჰყავს. მან 2025 წელს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი აიღო. გულორდავა „იმედში“ 2023 წლიდან მუშაობდა, ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო.

კომისიამდე, 2020 წლიდან გოგა გულორდავა მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. ის 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 

აპრილში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც, ანი ვაზაგაშვილი. ის ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო. 

გოგა გულორდავასა და ანი ვაზაგაშვილის გარდა, კომუნიკაციების კომისიის წევრები არიან: ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე და ივანე მახარაძე. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ