კომუნიკაციების კომისიის წევრი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანი ვაზაგაშვილი გახდა. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 80 ხმით დაუჭირა.
ვაზაგაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული
სამსახურის ხელმძღვანელიც არის. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში
მუშაობის დაწყებამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და
ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი
სპეციალისტი/იურისტი იყო.
კომისიამდე, 2023 წლიდან, სამთავრობო ტელეკომპანია
„იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო
საქმიანობას ეწეოდა კომუნიკაციების კომისიას
ახალი თავმჯდომარე გოგა გულორდავა. გულორდავა 2016-2020
წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში
კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
გამგებელი.
კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატები ასევე იყვნენ: ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორი, გიორგი ელისაშვილი და „რუსთავი 2“-ის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოლომონ ექვთიმიშვილი.
ComCom-ის წევრობა სურდა „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს, იოსებ აბულაძეს, თუმცა ის მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.
ირაკლი კობახიძის ბრძანებით შექმნილ ComCom-ის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში იყვნენ: ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, POSTV-ის დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; ზურაბ ტაბიძე - შპს „ალტას“ დამფუძნებელი; თალიკო ჟვანია - სტუ-ს ინფორმატიკსა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი. ამ კომისიას ComCom-ის წევრობის მსურველების განცხადებებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობისთვის არანაკლებ 3 კანდიდატის შესახებ უნდა წარედგინა რეკომენდაციას, მთავრობას კანდიდატები უნდა წარედგინა პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტს კი - პარლამენტისთვის.
ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 11 თებერვალს გამოცხადდა და საბუთების მიღების ბოლო ვადა 12 მარტი იყო. ამ პერიოდში განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია სწორედ ამ ოთხმა კანდიდატმა წარადგინა.
კომისიის წევრობის ვადა ვახტანგ აბაშიძეს ეწურება. ის 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, 2017 წლიდან კი კომისიის წევრია. აბაშიძე ComCom-ის თავმჯდომარე იყო 2000-2004 წლებშიც.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება.

