ეს „პრაიმ-ტაიმია“
01.12.2015
ერთმანეთში არეული ილუსტრაციები, მყვირალა სათაურები და დამაინტრიგებელი ფრაზები, სხვადასხვა ფერის ფონები და შრიფტი - ამ ინდიკატორებით პირველი გვერდიდანვე ვხვდებით, რომ ეს „პრაიმ-ტაიმია“!

რა გასაკვირია, რომ სკანდალები, სენსაციები და „ექსკლუზივები“ ამ გაზეთის სტიქიაა. ზოგჯერ შეიძლება, პუბლიკაციის შინაარსი არც სკანდალური იყოს, არც სენსაციური და არც ექსკლუზიური, მაგრამ პირველ გვერდზე გამოტანილ ანონსში და შესაბამის გვერდზეც სათაურთან მაინც არტყია ლათინური წითელი შრიფტით აწყობილი შტამპი: SCANDAL, ან კიდევ EXCLUSIVE.

ეს თემა სტატისტიკურადაც რომ განვიხილოთ, მაგალითისთვის, 19 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილი ანონსებიც გამოდგება - ათი ანონსიდან ორს დიდი წითელი, ლათინური ასოებით აწერია - SCANDAL, ოთხს ასეთივე სტილში - EXCLUSIVE, სამს კი იგივე შინაარსის, ოღონდ ქართულენოვანი წარწერა აქვს - „ექსკლუზიური“, „ექსკლუზივი“. საინტერესოა, რომ მოწინავე სტატიას, რომელსაც რიტორიკული სათაური აქვს - „საიდან ჩაუვარდა კოლომოისკის ხელში სკანდალური კომპრომატები“ ზემოთ კიდევ უფრო დიდად, წითელი ასოებით აწერია - „ექსკლუზივი“, ქვემოთ კი ბეჭედივით წითლად არტყია: EXCLUSIVE, SCANDAL.

გაზეთს კითხვის ნიშნით დაბოლოებული სათაურები ახასიათებს. „ვინ მიითვისა ავღანეთში დაჭრილი სამხედროების კუთვნილი მილიონნახევარი?“ „რა საიდუმლო მასალებს უგზავნის ბესელია ბადაშვილს?“ „რას ითხოვს ირანი საქართველოსგან“ (აქ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში „პრაიმ-ტაიმი“ კითხვის ნიშანს არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ წინადადება კითხვითია), „რის გამო იხდიდა სასჯელს სოფო ბედიას ქმარი“ - ამ დამაინტრიგებელი სათაურების ქვეშ შეიძლება მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები დაგხვდეთ, შეიძლება, პასუხიც იპოვოთ - ეს 50/50-ზეა. მთავარია, სათაურიდანვე დაინტრიგდეთ და ერთგვერდიანი EXCLUSIVE და SCANDAL სულმოუთქმელად წაიკითხოთ.

„პრაიმ-ტაიმის“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მის სიყვითლეში ნაკლებად ურევია აგრესია, ქსენოფობია, ჰომოფობია და სხვა ყველანაირი ფობია თუ მანია, რითაც ბუნებას ასე დაუჯილდოვებია ზოგიერთი მისნაირი ყოველკვირეული. გაზეთის სუსტი წერტილი კრიმინალური ისტორიებია, რომელთა გაშუქებისას ჟურნალისტები ზოგჯერ იმ საზღვარს კვეთენ, საიდანაც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები აღარ ვრცელდება. ასევე, ყოფილა მსხვერპლი არასრულწლოვნების ან მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა იდენტიფიცირების შემთხვევები.

რაღა თქმა უნდა, „პრაიმ-ტაიმი“ წარმოუდგენელია პაპარაცების გარეშე. გამოცემის ორი გვერდი ხშირად ეთმობა რუბრიკას - Paparazzi, სადაც ქართული ბომონდის ცხოვრებისეული ყოფის ფოტოები ქვეყნდება. ზოგჯერ ამ ფოტოებზე იმდენად ჩვეულებრივი კადრებია, რომ ვერ გაიგებ, რატომ მოხვდა ეს კადრი პაპარაცის ობიექტივში. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფოტოზე გაიელვებს რომელიმე ქართველი მომღერლის შიშველი ბარძაყის ნაწილი ან ჭიპი, ან რაიმე ისეთი ყოფითი სიტუაცია, რაც ასე აღაფრთოვანებს მსგავსი კადრების მოყვარულ მკითხველს (აგერ, ერთ-ერთი მომღერალი ტუჩებს პრანჭავს და პომადას ისვამს).

იმავე გვერდზე, ტრადიციული რუბრიკით - Bazar გვხდება რადენიმე მოკლე ინფორმაცია „ცნობადი სახეების“ ცხოვრებიდან. „როგორ ერთობიან თავისუფალ დროს ქართველი ვარსკვლავები“, „მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილმა ცოლმა და ანრი ბიბინეიშვილმა ხელი მოაწერეს“, „რამაზ ნოზაძეს ცოლმა დაბადების დღე საწოლში მიულოცა“ - ასეთ ახალ ამბებს გვიზიარებს რუბრიკა Bazar. ასეთი „მსუბუქი“ ტიპის სიახლეთა ანონსები გაზეთის ბოლო გვერდზეც არის გამოტანილი.

ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიების გამიჯვნა დაფინანსებული სტატიებისგან აქაც ისევე პრობლემატურია, როგორც სხვა ქართულ გაზეთებში. თუმცა, თუკი სხვა გაზეთები შეთანხმდნენ, რომ დაფინანსებული სტატიის ბოლოს ლათინური ასო „R“ უნდა მიაწერონ (სავარაუდოდ ეს „R“ რეკლამას უნდა ნიშნავდეს), „პრაიმ-ტაიმი“ მათ ემიჯნება და ირჩევს ასო „A“-ს. რატომ A? სავარაუდოდ ინგლისური სიტყვას advertisement (რეკლამა) - უნდა ნიშნავდეს. ზოგიერთ სტატიას არც ეს A აწერია და არც რაიმე სხვა მინაწერი გვამცნობს, რომ დაფინანსებულია, მაგრამ ქართული ბეჭდური მედიის ხრიკების კარგად მცოდნე მკვლევარი მაინც მიხვდება, რომ მის გამოქვეყნებაში ფულია გადახდილი. რიგით მოკვდავს ამის მიხვედრა ათგზის უფრო გაუჭირდება „პრაიმ-ტაიმის“ ჭრელი დიზაინის პირობებში, როცა გაზეთის გვერდებზე ისედაც ჩვეულებრივი ამბავია განსხვავებული ფერები, შრიფტები და ჩარჩოებში ჩასმული სტატიები.

თუკი გაზეთს ეთიკის ნორმები ავალდებულებს მკითხველის ზუსტ ინფორმირებას დაფინანსებული სტატიის თაობაზე, სახელმწიფო უწყებებს კანონი ავალებს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ამდენად, როდესაც გაზეთში ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების საქმიანობის რეკლამა გვხვდება და მასში, სავარაუდოდ, თანხაა გადახდილი, ამის თაობაზე, პირველ რიგში, თვითონ სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს მკითხველის ინფორმირება. აქ კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეიძლებოდა, თუ რომელმა სტატიამ აღგვიძრა ეჭვები, მაგრამ ამ პუბლიკაციებს არავითარი მინიშნება არა აქვს და ამდენად, ლოგიკური იქნება, ეს აბზაცი „პრაიმ-ტაიმის“ სტილში, კითხვითი წინადადებით დავასათაუროთ - სახელმწიფო უწყებები „პრაიმ-ტაიმში“ ფარულად არის რეკლამირებული?

და მაინც, ინტერნეტის ეპოქაში ბეჭდურ მედიას თუკი მომავალი უწერია, „პრაიმ-ტაიმი“ დიდხანს იცოცხლებს. მისი დღეგრძელობა განპირობებული იქნება განსხვავებული მიდგომით, როცა ტაბლოიდი ბოლომდე ამართლებს თავის მოწოდებას და პარალელურად არ ავრცელებს რეაქციულ სიბნელეს, აგრესიას და განსხვავებულისადმი შიშებს.

ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი

თეგები : მიმოხილვა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ