ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა - დანაშაული და შერჩევითი სასჯელი
26.12.2018

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს. თითქმის ყოველ წელს არაერთი ამბავი ხდება ცნობილი თუ როგორ არ მისცეს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, როგორ დაუზიანეს კამერა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, ხშირად ამგვარ შემთხვევებს 154-ე მუხლით არ იძიებენ.

alt2018 წლის 10 ოქტომბერს, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები თავს დაესხნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუასა და ოპერატორს, ლევან კალანდიას. ისინი ხარაგაულში, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობისას გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ რეპორტაჟს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, ბიუროს კუთვნილ ობიექტზე შესულ ჟურნალისტსა და ოპერატორს კომპანიის წარმომადგენლებმა ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს და კამერა წაართვეს. 11 ოქტომბერს, პოლიციამ ორი პირი დააკავა ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, რაც ცემასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. როგორც ეკა გაგუამ “მედიაჩეკერს” განუცხადა, მისი ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ ორ პირს სახელმწიფომ 10 000 – 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

თუმცა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც იურისტ მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, ბოლო დროს გახშირდა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ამგვარი რეაგირებით არ სრულდება. იმავე ჟურნალისტს, ეკა გაგუას რამდენიმე კვირით ადრე, ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახში დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. ინციდენტი მოხდა ზუგდიდის მაშინდელი მერის მოადგილესთან გია გულორდავასთანაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩვენ, მაშინ, პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა, ინფორმაცია გაჟღერდა, კადრები ნაჩვენები იყო, ადამიანები იდენტიფიცირებულები იყვნენ და პოლიციას თავად შეეძლო ამ ყველაფერზე გამოძიების დაწყება, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - აღნიშნავს ეკა გაგუა.

altჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი იყო ერთ-ერთი იმ სამი მუხლიდან, რომლითაც გამოძიება დაიწყო შსს-მ, 30 ნოემბერს, თბილისში, მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს, მოძრაობის ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძესა და მის თანამოაზრეებს შორის. ერთი მხრივ, ნანა კაკაბაძე ბრალს სდებდა ჟურნალისტს მათ ოფისში უკანონოდ შეჭრაში. ამასთან დაკავშირებით, მისმა ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა და დამატებით, მარიამ გაფრინდაშვილი ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულა, რომლის დამამტკიცებელ საბუთადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერი მოიყვანეს. მეორე მხრივ, ტელეკომპანია ნანა კაკაბაძესა და მის ორგანიზაციას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში სდებს ბრალს.

როგორც რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა “მედიაჩეკერს” განუცხადა, გამოძიებამ უკვე ამოიღო კაკაბაძის ოფისთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები, გამოიკითხნენ გაფრინდაშვილი და მასთან ერთად მყოფი ოპერატორი, ტექნიკა კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა მისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება ამჟამად.

„მეც ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება. მოგეხსენებათ, რომ კაკაბაძემ ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა ვიდეოფაილის დამონტაჟებული ნაწილი, რომელიც იყო მიმართული ჩემი დისკრედიტაციისკენ”, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა “მედიაჩეკერთან”, - “ასევე გაავრცელა ჩემი პირადი ნომერი და 5 დღის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ვიყავით ისეთი თავდასხმის ობიექტები, რომ უბრალოდ ვერ აგიხსნით.“

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ზოგიერთ ფაქტზე, პოლიციის მხრიდან რეაგირების შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძვლად, შსს ხშირად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, მხოლოდ 126-ე მუხლს უთითებს, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობის გამო მიყენებულ ფიზიკურ ტკივილს გულისხმობს.

მაგალითად, ასე მოხდა, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს, როდესაც თბილისში, 25-ე საარჩევნო უბანთან მდგომმა ორმა ქალმა “TV პირველის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე ხელითაც შეეხო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, თუმცა ჟურნალისტს უთხრეს, რომ საქმე სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდებოდა.

თათია ჩაფიჩაძემ “მედიაჩეკერს” უთხრა, რომ მიუხედავად დაპირებისა, საქმე ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა და როგორც სამართალდამცავებმა მას უთხრეს, ისინი პროკურორის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

altგამოძება 154-ე მუხლით არ დაწყებულა არც გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტის სალომე ჩადუნელის შემთხვევაში, რომელსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თბილისში, 54-ე საარჩევნო უბანზე რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს, შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღსანიშნავია, რომ ამბავს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და ჟურნალისტის გამოკითხვაც დაიწყეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნაცვლად, გამოძიება კვლავაც 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, როგორც ჩადუნელმა მედიაჩეკერს უთხრა, გამოძიებას არა თუ არ გადაუკვალიფიცირებია საქმე, არამედ საერთოდ შეწყვიტეს იგი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ჟურნალისტის თქმით, პროკურორმა მიუთითა მას, რომ მას პროფესიული მოვალეობის შესრულება მაინც შეძლო და შესაბამისად 154-ე მუხლით საქმის გამოძიების საჭიროება აღარ იდგა.

ზემოთ აღწერილი შემთხვევების უმეტესობაში ჟურნალისტების დავის საგანი მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე სამართალდამცავების მხრიდან იგნორირება ანდა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, 126-ე მუხლის გამოყენებაა. სამართალდამცავების მხრიდან ამ მუხლის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი მარიამ გოგოსაშვილიც.

„კოდექსის აღნიშნული მუხლი უშუალოდ ჟურნლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით მისი გამოყენება იშვიათად ხდება და გამოძიება ძირითადად ძალადობის ან სხვა მუხლით იწყება და მიმდინარეობს ხოლმე,“ - აცხადებს საიას იურისტი.

ამ მუხლის არასათანადო ანდა იშვიათ გამოყენებაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომელიც “მედიაჩეკერმა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც შსს-ს მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, 2013 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით (2015 წლის გამოკლებით), წელიწადში მხოლოდ 3-დან 6-მდე საქმეზე იწყებოდა ხოლმე გამოძიება ამ მუხლის ორივე ნაწილით. 2015 წელს ამ მუხლით არც ერთი საქმე არ აღძრულა. 154-ე მუხლით გამოძიების დაწყების განსაკუთრებით მაღალი რიცხვი იყო 2012 წელს (21 საქმე). 2011 წელს ასეთი ერთი, 2010 წელს კი 7 შემთხვევა იყო.

საინტერესო სურათს იძლევა 2012 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პროკურატურის მიერ, 154-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის სტატისტიკაც. 2012 წლამდე ასეთ სტატისტიკას პროკურატურა არ აწარმოებდა. “მედიაჩეკერისათვის” მიწოდებული ინფორმაციით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2012 წელს, ერთი პირისადმი დაიწყო დევნა, 2013-2017 წლებსა და 2018 წლის 9 თვეში კი არც ერთი პირისადმი არ დაწყებულა. რაც შეეხება კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილს, „2012 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, 2013 წელს - 4, 2015 წელს - 1, 2016 წელს - 1 პირის მიმართ, ხოლო 2014 წელს, 2017 წელსა და 2018 წლის 9 თვეში აღნიშნული მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“, - ვკითხულობთ პროკრურატურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება დამდგარ განაჩენებს, მედიაჩეკერს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, რომ 2010-2018 (ოქტომბრამდე) წლებში რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა სულ 5 საქმე განიხილეს, რომელთაგან ხუთივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა კი ორ-ორი საქმე განიხილეს. სააპელაციომ ერთი საქმის განაჩენი უცვლელად დატოვა, მეორე კი გადააკვალიფიცირა. უზენაესმა სასამართლომ ერთი საქმე დაუშვებლად სცნო, მეორე საქმის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება შეცვალა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.


როგორც მოყვანილი სტატისტიკაც ცხადყოფს, სისხლისსამართლის კოდექსის ამ კონკრეტული მუხლის პრაქტიკაში გამოყენება არც ისე ხშირია. რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ჟურნალისტების მხრიდან არასაკმარისი მიმართვიანობა, მეორე მხრივ, კი თავად სამართალდამცავების მხრიდან ამ კონკრეტული მუხლის მისადაგებისაგან თავის არიდების გამიზნული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ პრაქტიკას შესაძლოა თავისი ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რაც მაგალითაც, მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუძლებელს ხდის.

„მნიშვნელოვანია საქმე სწორედ ამ მუხლით დაიწყოს ან შემდგომში დაკვალიფიცირდეს, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას. ამ მუხლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დაიცვას მედიის წარმომადგენლები უკანონო ხელშეშლისგან, ანუ კანონს სპეციალური დაცვის ობიექტი ჰყავს,“ - აღნიშნავს მარიამ გოგოსაშვილი და დასძენს, რომ კანონის პრობლემა ცალსახად მისი პრაქტიკაში გამოყენებაა. კანონის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისასაც არსებობდა. იმ დროს, საიას იურისტი თამარ გურჩიანი media.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ საქართველოში იდგა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის განსაზღვრის პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო კანონმდებლობასთან. მისი თქმით, ხშირად, ჟურნალისტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული საქმეები, 154-ე მუხლის ნაცვლად სხვა მუხლით აღიძვრებაოდა ხოლმე.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პრაქტიკაში სათანადო გამოყენების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას ჟურნალისტებიც. ეკა გაგუა მიიჩნევს, რომ თუკი კანონი უფრო მკაცრი იქნება, შესაძლოა ამან სამომავლოდ აგვარიდოს თავიდან მსგავსი დანაშაულის ხშირად ჩადენის ფაქტები. თათია ჩაფიჩაძე კი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, 154-ე მუხლის გამოყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სათანადო გამოძიებისა და ადეკვატური პასუხისგების შემთხევაში, სხვებს ნაკლებად გაუჩნდებათ ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის სურვილი.

იურისტი მარიამ გოგოსაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხლს ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები თუმცა ეს ხარვეზები უფრო მეტად პრაქტიკაში მისი გამოყენებით და განმარტებით გამოჩნდება. „კონკრეტულად რთულია ჩემთვის იმის თქმა, რა უნდა გაკეთდეს, ალბათ თავად ჟურნალისტებმაც უნდა მიუთითონ და დააზუსტონ გამოძიების მიმდინარეობისას რომ ადგილი ჰქონდა საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. ასევე საგამოძიებო უწყებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია ამ მუხლის მნიშვნელობასა და მისი დაცვის ობიექტებზე“, - აღნიშნავს გოგოსაშვილი.


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ