დისკრიმინაციული კანონი სასამართლო გადაღების შესახებ და მედია არათანაბარ მდგომარეობაში
27.02.2019

დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასამართლო პროცესების გადაღების უფლებას მხოლოდ საერთო მაუწყებლებს აძლევს, ონლაინ მედიაგამოცემები, რეგიონული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტური სტუდიები კი ამ უფლების მიღმა რჩებიან.

სხვა ტელევიზიებთან შედარებით საზოგადოებრივი მაუწყებელი უპირატესობით სარგებლობს. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის თანახმად, მას ენიჭება უფლება შეუზღუდავად გადაიღოს ღია სასამართლო პროცესი და ვალდებულია, მოთხოვნის შეთხვევაში მასალა სხვა მედიასაც მიაწოდოს. იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ სურს რომელიმე პროცესის გადაღება, ამ უფლებით სარგებლობა სხვა საეთერო საერთო მაუწყებელს შეუძლია. ჩანაწერის სხვა მედიასაშუალებისთვის გადაცემის ვალდებულება მასაც ეკისრება.

მიუხედავად ამისა, სხვა მედიასაშუალებებს პრაქტიკაში არაერთი პრობლემა მაინც ექმნებათ, ვინაიდან ხშირად მაუწყებლებს საერთოდ არ აინტერესებს ის სასამართლო პროცესი, რომელიც მაგალითად, ონლაინ მედიისთვის მნიშნელოვანია. ამის გამო ისინი ფოტო-ვიდეო მასალის გარეშე რჩებიან.

მედიაგამოცემებში მიაჩნიათ, რომ მიდგომა დისკრიმინაციულია, მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საერთო მაუწყებლებთან შედარებით და აუდიტორიის სრულყოფილ ინფორმირებაში უშლის ხელს.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა საინფორმაციო სააგენტომ “სამხრეთის კარიბჭემ” სასამართლო პროცესის შესახებ ბოლო მასალა რამდენიმე დღის წინ, 21 თებერვალს გამოაქვეყნა, ტექსტს ფოტოდ სასამართლოს შენობის გარე ხედის ფოტო ადევს. 

"სასამართლოს განყოფილებაში მასალებს თვალი რომ გადაავლოთ, ყველგან იდენტური ფოტო შეგხვდებათ - სასამართლოს შენობა. არასდროს გვაქვს ფოტო ან ვიდეო პროცესიდან, არადა ხშირად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე ფოტოს და ვიდეოს კიდევ სხცა ინფორმაციული დატვირთვა აქვს", - ამბობს “სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორი თამუნა უჩიძე.

იმავე პრობლემაზე საუბრობს “ტაბულას” რედაქტორი სალომე უგულავა: „ყველა სასამართლო პროცესი, რომელსაც ვესწრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით, თუმცა, ფოტოებს ვერასდროს ვიღებთ. სასამართლო დარბაზში ფოტოებსაც ერთი კამერა იღებს. თუმცა, ავტორი ფოტოებს არ ავრცელებს. ჟურნალისტებს, ვინც ონლაინ მედიაში ვმუშაობთ, ფაქტობრივად, ხელი გვეშლება, ვინაიდან ამბებს მხოლოდ ვერბალურად გადმოვცემთ, ფოტოებით ილუსტრირების საშუალება კი არ გვეძლევა. არადა ფოტო ახალი ამბის ნაწილია.“

სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა 1997 წლიდან დღემდე ოთხჯერ შეიცვალა. 2007 წლიდან სასამართლოს შენობაში ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია საერთოდ აკრძალული იყო, 2013 წელს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მაუწყებლებისთვის გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ სასამართლოს კარი გაიღო. ონლაინგამოცემებს, გაზეთებს და სხვა მედიასაშუალებებს, რომლებსაც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია არ აქვთ, საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო და ისინი ვიზუალური მასალის გარეშე დარჩნენ.

„იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კადრები გვჭირდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის საინტერესო ნაწილი ჩაწერილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ონლაინ მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიჩქარე, ვიღაც გასწრებს ერთი წუთით და შენს მასალას აღარავინ კითხულობს. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს ვიდეოს, ეს ნიშნავს, რომ მასალა მას პირველი აქვს და ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მოხერხებულობა მედიას ვერ ეხმარება”, - ამბობს On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი.

ამ პრობლემას უსვამს ხაზს “ლიბერალის” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც: “მაუწყებლები პროცესებს თავიდან ბოლომდე არ იღებენ და რამდენიმე კადრით კმაყოფილდებიან, რაც „ლიბერალს“ არაფერში ადგება”.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მაუწყებლები მათ შორის გახმაურებულ, მნიშვნელოვან სასამართლო პროცესებს საერთოდ არ იღებენ, ეგ განსაკუთრებით რეგიონებში ხდება და ადგილობრივ გამოცემებს უქმნის პრობლემებს.

„მქონდა ასეთი შემთხვევა გასული წლის გაზაფხულზე, როცა დემურ სტურუას საქმეზე განაჩენი უნდა გამოეცხადებინა სააპელაციო სასამართლოს. ვამზადებდი მულტიმედია მასალას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კადრები, მაგრამ ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, სასამართლოს პრესსამსახურმა მითხრა, რომ რადგან არ წარმოვადგენდი საეთერო მაუწყებელს, არ მქონდა არც ვიდეოს და არც ფოტოს გადაღების უფლება. საბოლოოდ, მხოლოდ აუდიოჩაწერა შევძელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი მაშინ ამ პროცესს არ აშუქებდა და კადრების გარეშე დავრჩი. ეს ნამდვილად იყო ის შემთხვევა, როცა კადრებს ვთხოვდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ასეთი რეალურად არ ჰქონდა”, - გვეუბნება ქუთაისში მოქმედი საინფორმაციო სააგენტოს “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი მარიამ პატარაია.

„სტუდია მონიტორის“ რედაქტორი გიორგი მგელაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო გადაღება ყველა მედიასაშუალებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მედიის ნაწილისთვის ბარიერს არ უნდა წარმოადგენდეს: „მგონია, რომ მხოლოდ მაუწყებლისთვის სასამართლოში ვიდეოს გადაღების ნებართვის მიცემა ამ საუკუნეში გაუგებარია. დღეს ბევრი მედია ქმნის ვიდეო პროდუქტს და მათ ხელი არ უნდა ეშლებოდეთ კანონის დაცვით სასამართლოს გადაღებაში.“

სასამართლო პროცესის გაშუქება მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ხდება. დაინტერესებულმა ჟურნალისტმა წერილობითი განცხადება სასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე მაინც უნდა დაწეროს, რომ მოსამართლემ მისი განცხადება განიხილოს. ხარვეზები ამ ნაწილსაც ახლავს, მაგალითად, როცა პროცესი ისეთ დროსაა, რომ კანცელარია უკვე აღარ მუშაობს.

„არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესის ჩანიშვნაზე განაცხადი შეაქვს 18:00 საათის შემდეგ. ამ დროს სასამართლოს კანცელარია დახურულია და ვერ ხდება სხდომის ვიდეოგადაღებაზე განაცხადის დაწერა, შესაბამისად პროცესის გადაღება. არის გონივრული ეჭვი, რომ ასე პროკურატურია იქცევა მაშინ, როდესაც მის ინტერესებში არ შედის სასამართლო დარბაზში კამერის ყოფნა”, - ამბობს „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მიმართვის დროსთან დაკავშირებული ჩანაწერი უნდა გადაიხედოს.

„აღკვეთის ღონისძიების პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს არასამუშაო დროს. ეს პრობლემაა ჟურნალისტებისთვის. კარგი იქნება თუ ამ კუთხითაც დაიხვეწება კანონმდებლობა”, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მედია მიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

“მედიაჩეკერი” დაინტერესდა, 2013 წლიდან დღემდე სასამართლოებში ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვის მისაღებად რამდენი განაცხადი შევიდა. საჯარო ინფორმაცია თბილისის საქალაქო და სააპელაციო, ასევე საქართველოს უზენაესი და ათი რეგიონული სასამართლოდან გამოვითხოვეთ. იმ რეგიონებიდან, სადაც აქტიური ადგილობრივი მედიაა. აღმოჩნდა, რომ ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებს თბილისის არცერთი სასამართლო და რეგიონული სასამართლოების ნაწილი. რუსთავის, ფოთის, ახალციხის (რომელიც მხოლოდ 2018 წლიდან აღრიცხავს), ახალქალაქისა და ზუგდიდის სასამართლოების მონაცემებით კი, ხუთივე სასამართლოში 2013 წლიდან დღემდე ჯამში 216 განაცხადია შესული. ამათგან, მედიას უარი ეთქვა სამ შემთხვევაში: ერთხელ იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებდა პროცესს, ორ შემთხვევაში კი დაგვიანებით მიმართვის გამო.

მსგავსი სტატისტიკა 2014 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც (საია) გამოითხოვა. იმ პერიოდში ორგანიზაცია იკვლევდა როგორ მუშობდა პრაქტიკაში სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა. სურათი მაშინაც იგივე იყო, აღმოჩნდა, რომ ყველა სასამართლო არ აწარმოებდა აღრიცხვას, მათ შორის, თბილისის სასამართლოები.

„აღნიშნული ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან საქმეთა დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სასამართლოებში [იგულისხმება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები. რედ] განიხილება და მნიშვნელოვანია მათ მიერ ზუსტი სტატისტიკის წარმოება მედიის მიმართვიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული არა მხოლოდ სასურველი, არამედ, სასამართლოებისათვის, როგორც საჯარო დაწესებულებებიისათვის, სავალდებულოცაა“, - აღნიშნულია საიას 2014 წლის ანგარიშში.

საინტერესოა, რომ ამ ანგარიშის მიხედვით, 2014 წლისთვის ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო და გორისა და თელავის რაიონული სასამართლოები მედიის მიმართვიანობასთან დაკავშირებით აღრიცხვას აწარმოებდნენ. მედიაჩეკერის მიერ გამოთხოვილ იდენტურ ინფორმაციაზე კი, ოთხივე სასამართლომ გვიპასუხა, რომ მსგავსი ტიპის სტატისტიკური მონაცემები არ აქვთ, რადგან აღრიცხვას არ აწარმოებენ.

საიას მიერ მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ სასაურველია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროცესის გადაღება ყველა სხვა დაინტერესებულ მედიასაშუალებას არ ართმევდეს პროცესის გადაღების უფლებას.

სიას იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც ონლაინმედია უფრო და უფრო ვითარდება და გარკვეულწილად, კონკურენციასაც კი უწევს მაუწყებლებს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო ჩაწერა შეძლონ და გააშუქონ პროცესები სრულყოფილად, ისე, როგორც მათ სურთ: “ვფიქრობ, რომ დღევანდელი კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და უნდა გავრცელდეს ონლაინ მედიაზეც, რათა მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა გააშუქონ თუნდაც ისეთი პროცესები, რაც მაუწყებლებისთვის არ არის საინტერესო.”


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ