რადიოჰოლდინგ „ჰერეთის“ შემდეგ, ინკასო „თრიალეთის“ ანგარიშებსაც დაადეს
30.06.2025


„“ქართული ოცნება“ „თრიალეთის“ დახურვას აპირებს!“ - რეგიონული ტელეკომპანიის განცხადებით, 30 ივნისს, შემოსავლების სამსახურმა „10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს ინკასო დაადო, რაც ნიშნავს, რომ „ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტოენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება“.

როგორც ტელეკომპანია წერს: „ივნისის თვეში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემებში, რამდენჯერმე გაშუქდა, საქართველოს სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ, კლასელის და მეჯვარის, კოტე ბუზალაძის, გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. „თრიალეთის“ თოქ-შოუს სტუმარმა, კახა კუკავამ, გააკრიტიკა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და სხვები.

აღნიშნულის შემდეგ, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სუს-ის დავალებით, აეკრძალათ „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა! 

ამავე დროს, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა „თრიალეთის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება!“.

„თრიალეთის“ განცხადებით, დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი იყო „წინა ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის მიმართ“, შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართულ ოცნების“ „მხარში დადგომის“ მიუხედავად, ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა:

„„ქართული ოცნების” პირველმა გუბერნატორმა შიდა ქართლში, რომელმაც ორ წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.

შემდეგ წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან, “თრიალეთს” ებრძოდა ბევრი ის ადამიანი, “ნაციონალების” ხელისუფლებაში, “თრიალეთს” რომ მტრობდნენ“.

ტელეკომპანიის განმარტებით, მათთვის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაც, რის გამოც, კომპანიას „დიდი ოდენობის ბანკის სესხის“ აღებაც მოუწია:

„კრიზისიდან გამომდინარე, „თრიალეთი“ გაჭირვებით  იხდიდა იმ აუცილებელ გადასახადებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ტელევიზიის ფუნქციონირება და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხებს სრულად ვერ ფარავდა.

კომპანია თანხას ვერ იხდიდა, თუმცა არც არავინ სთხოვდა დავალიანების გადახდას, მაგრამ, ამავე დროს, დავალიანების თანხას, ყოველდღიურად არიცხავდნენ საურავს, რის გამოც, საურავის ოდენობამ, დავალიანების ძირის თანხას გადაუსწრო.

„თრიალეთმა“, წლების მანძილზე, მრავალჯერ მიმართა ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, „თრიალეთს“ ყოველთვის უარით პასუხობდნენ.

„თრიალეთს“ არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიაზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ, ყოველდღიური საურავების დარიცხვით, ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!“

ტელევიზიის განცხადებით, „აი, ასეთი სცენარით, ხელოვნურად, აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომელიც პირველი და რეგიონებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლისას დაუდგა მხარში!“

„აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომლის წილის 10 პროცენტსაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფლობს და სავარაუდოდ, ეს კომპანია გადაიბარებს დანარჩენ პროცენტებსაც!“ - ვკითხულობთ „თრიალეთის“ განცხადებაში. 

შემოსავლების სამსახურმა 25 ივნისს ინკასო დაადო რადიოჰოლდინგი „ჰერეთის“ [აერთიანებს სამ რადიოს: თბილისში - „თბილისი“, კახეთში - „ჰერეთი“ და ბათუმში - „ციტრუსი“] საბანკო ანგარიშსაც. როგორც კომპანიის დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ მაშინ დაწერა: 

„წლებია გვაქვს გარკვეული აღიარებული დავალიანება, ისევე როგორც თითქმის ყველა მედიას.

ვითარება ასეთია: რადიო „თბილისი“ ამ ეტაპზე ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად ემზადება — აგვისტოში გვეწურება მოქმედი ვადა და ვგეგმავთ გაგრძელებას მომდევნო 10 წლით.

20 ივნისს, კომუნიკაციების კომისიის წესების სრული დაცვით, უკვე გადავრიცხეთ საჭირო თანხა ბიუჯეტში…და დღეს დილით მივიღე „საქართველოს ბანკის“ შეტყობინება — ინკასო. არ მაქვს ილუზია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. გუშინ მივმართე კრიტიკული პოსტით სოზარ სუბარს — დღეს ინკასო!

არაფერია შემთხვევითი. როცა დამოუკიდებელი მედიის ხმა გესმით და ის ხმამაღლა საუბრობს, პასუხიც სწრაფია — ანგარიშზე ჩარევა, ფინანსური წნეხი, ბერკეტი და ზეწოლა. ყველაფერი კავშირშია“.

30 ივნისს კი, რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე დროებით აჩერებს გადაცემების და საინფორმაციო გამოშვებების სრულ მაუწყებლობას.

„რადიო „თბილისი“ FM93.5 კანონით განსაზღვრულ ვადაში – 20 აგვისტოს ჩათვლით – ეთერში რჩება, თუმცა მხოლოდ ტექნიკური მაუწყებლობის რეჟიმში. ( ზუსტად არც ის ვიცი რას გადაწყვეტს საბოლოოდ კომუნიკაციების კომისია, თუმცა ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენს თემას). ამ ეტაპზე საინფორმაციო და გადაცემების ბადე შეჩერებულია და დიდი იმედი მაქვს, განახლდება სექტემბერში, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კრიზისის განმუხტვა“, - წერს სამხარაძე.


კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.

31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.
ხუთ თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ