„TV პირველის“ ჟურნალისტების: მარიამ გაფრინდაშვილის, ნანუკა ქაჯაიასა
და ნატა ქაჯაიას
საჩივარს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ
კომუნიკაციების კომისია არსებითად ხვალ, 17 ივლისს, განიხილავს.
ჟურნალისტებმა კომისიას „სეზონი ტვ“-ის ეთერითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ პროგრამაში გადაცემის წამყვანისა და სტუმრის მიერ მათ მიმართ გამოთქმულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით 25 ივნისს მიმართეს და „სეზონი ტვ“-ისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.
საჩივრის მიხედვით, 10 ივნისს, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გაჟღერდა არაერთი უმძიმესი, ღირსების შემლახავი და აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამი „TV პირველის“ ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიის მიმართ:
„გაკეთებული განცხადებების ერთადერთი მიზანი იყო ჟურნალისტებისა და შპს „ტელეკომპანია პირველის“ დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის ფართო აუდიტორიაში სიძულვილის დანერგვა, მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა“.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიტო ჩუბინიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტები - „მეძავებად“, ტელევიზია კი „ბორდელად“ მოიხსენიეს. სხვა არაერთ შეურაცხმყოფელ ფრაზასთან ერთად, მათ თქვეს, რომ თითქოს ისინი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას „30 00 ლარად ჰყავს ნაყიდი“.
მომჩივანები უთითებენ, რომ წამყვანების მონოლოგი/დიალოგი ფეისბუკ გვერდზეც განთავსდა: „ვიდეოებს ჰქონდა მაღალი გამოხმაურება. ის ათი ათასობით ადამიანმა ნახა, მოჰყვა შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამ გზით გაიზარდა ჟურნალისტებისთვისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხიც“.
ჟურნალისტებმა საჩივარში მიუთითეს „სეზონი ტვ“-ის მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თაობაზე მოთხოვნათა შესაძლო დარღვევაზეც.
კომუნიკაციების კომისიამ მათი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით 3 ივლისის სხდომაზე იმსჯელა. ამ სხდომას ესწრებოდა „სეზონი ტვ“-ის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ სადავო პროგრამა შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ შეიცავდა და კომისიას საჩივარი არ უნდა განეხილა.
„სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ „TV პირველის“ ჟურნალისტებმა განცხადებით მიმართეს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“. ქარტიის საბჭომ მათი განცხადება 27 ივნისის სხდომაზე განიხილა და მიიჩნია, რომ ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიმიტრი ჩუბინიძემ ქარტიის 1-ლი, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს.
„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ნიკოლოზ მჟავანაძისა და დიმიტრი ჩუბინიძის წინააღმდეგ „სექსუალური შევიწროვების შინაარსის განცხადებების“ გამო სახალხო დამცველსაც მიმართეს.
პრორუსული ტელეკომპანიის „სეზონი ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკია. კანდელაკი სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა.
„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევაში - „ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“ ვკითხულობთ: „კრემლისტური/ულტრამემარჯვენე მედიებიდან ყველაზე მეტ ანტიდასავლურ გზავნილს სეზონი ტვ-ის (318) წამყვანები ახმოვანებდნენ“.
„სეზონი ტვ“ 2021 წლიდან მაუწყებლობს. მიმდინარე წლის 22 მაისს, ტელევიზიის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მისი ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო და „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ენად ქართულთან ერთად, დამატებით რუსულიც განუსაზღვრა.