67 მუნიციპალიტეტი ინფორმაციის გავრცელებაში 1.4 მლნ-მდე ლარს დახარჯავს
26.05.2019
პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ების შემდეგ, "მედიაჩეკერმა" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სატელევიზიო, რადიო და ახალი ამბების მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში, მედიასაშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან პირველ მაისამდე პერიოდში ამ მიმართულებით 67-მა მუნიციპალურმა უწყებამ ჯამში 1, 357, 924 ლარი გამოყო. ძირითადი თანხა (76%) სატელევიზიო მომსახურებაზე დაიხარჯება.

ტელე-რადიო მომსახურება


თვითმმართველმა ორგანოებმა 2019 წლის პირველ ოთხ თვეში სატელევიზიო მომსახურებაში ჯამში 1 026 935.96 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. აქედან ნახევარზე მეტი - 638 684.5 ლარი ქალაქ თბილისის მერიის „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოზე“ მოდის, რომელმაც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით რამდენიმე მაუწყებლისგან საეთერო დრო თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის განთავსებისთვის იყიდა. ინფორმაციის გასავრცელებლად სააგენტომ უპირატესობა ტელეკომპანია "იმედს" მიანიჭა და მას მომსახურებაში ყველაზე მეტს, ჯამში 122 920.6 ლარს გადაუხადის, მას 107 073.01 ლარით ტელეკომპანია "რუსთავი 2" მოსდევს.

alt
„საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ თბილისის მერიაში 2018 წლის იანვარში შეიქმნა. რეფორმის ფარგლებში, თვითმმართველი ორგანოს PR სამსახურების ცენტრალიზება მოხდა და მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან ეს ფუნქცია  „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში“ გადავიდა.

ინფორმაციის განთავსების გარდა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღონისძიებების/პრეზენტაციების პირდაპირი ეთერით გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით 180 000 ლარს შპს "TV პროექტს“ გადაუხადის. ამ კომპანიის დირექტორი ავთანდილ კვანტალიანია, რომელიც პარალელურად სატელევიზიო პროდუქტის შემქმნელი რამდენიმე კომპანიის (მაგ. პრაიმ შოუ სტუდია, ჰორიზონ ტვ) დირექტორია.

საჯარო უწყების მიერ მაუწყებლის შინაარსზე გავლენა
 
 
მიუხედავად იმისა, რომ ტელე-რადიო მაუწყებლების შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები მხოლოდ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცლებლად უნდა დაიხარჯოს და მასალა სარეკლამო ვიდეორგოლის სახით უნდა გამოქვეყნდეს, მუნიციპალიტეტებსა და მედიასაშუალებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითმმართველი ორგანოები მედიასაშუალებებს კონკრეტულ ჩარჩოებს უწესებენ და მითითებებს აძლევენ, თუ რა ფორმის და შინაარსის უნდა იყოს მათ მიერ შესყიდული მომსახურება.

თვითმმართველი ორგანოებიდან ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსთავის მუნიციპალიტეტია. ის სატელევიზიო მომსახურების შესყიდვებისთვის დახარჯული თანხით ერთ-ერთი ლიდერია. რუსთავის მუნიციპალიტეტმა წლის დასაწყისში 160 000 ლარის სატელევიზიო მომსახურება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით კონკრეტული დათქმებით, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისგან იყიდა. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია, რომ ყოველდღიურად, მუნიციპალიტეტისთვის არანაკლებ ორწუთიანი სიუჟეტი მოამზადოს და ის სატელევიზიო და რადიო ეთერში (ძირითადად საინფორმაციო გამოშვებებში) გაუშვას. ჯამში მინიმუმ 1 000-ჯერ.

ასევე, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ვიდეორგოლი დღეში მინიმუმ 10-ჯერ უნდა დაატრიალოს. კიდევ ერთი ვიდეორგოლი მაუწყებელმა თავად უნდა დაამზადოს და ამავე რაოდენობით გაუშვას ეთერში. ხელშეკრულების თანახმად, მაუწყებლის ეთერში, მუნიციპალიტეტისთვის, დღის განმავლობაში მინიმუმ ათჯერ, არანაკლებ 6 სიტყვიანი მოძრავი სტრიქონიც უნდა გავიდეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მომსახურებისთვის ელექტრონული ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან ერთად, უფრო დაბალი ფასით (142 674 ლარით) "პალიტრა TV" მონაწილეობდა, თუმცა ის დისკვალიფიკაციის გამო ტენდერს გამოეთიშა და გამარჯვება ქვემო ქართლის მაუწყებელს დარჩა.

სწორედ ტენდერის მიმდინარეობის პროცესს დაემთხვა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის მიერ მაუწყებლობის გათიშვა პროტესტის ნიშნად. მაშინ კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი სამთავრობო ჯგუფების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობდა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებდა. რამდენიმედღანი პაუზის შემდეგ, ქვემო ქართლის ტელევიზიამ და რადიომ ეთერი აღადგინა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

რუსთავის მუნიციპალიტეტი ერთადერთი არ არის, ვინც მაუწყებელს ხელშეკრულებით უსაზღვრავს გადაცემის შინაარსს. მის მსგავსად ტვ მარნეულს კონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითთმმართველი ორგანოც. კერძოდ, 86 000 ლარად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მაუწყებლისგან გადაცემის მომზადებას და მასში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მოწვევას, მათთან სატელეფონო და პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფას და კვალიფიციური პერსონალის ყოლას ითხოვს. ამასთან, გადაცემის ეთერში გაშვების დღე და დრო თვითმმართველ ორგანოსთან უნდა შეთანხმდეს.

ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძებებისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, ასევე უნდა მოამზადოს საკრებულოს სხდომების სრული ჩანაწერები, ამავე სხდომების ვიდეორგოლები და ეთერში გაუშვას.

კონკრეტული რადიოგადაცემის - „თვითმმართველობის დრო“ - განსაზღვრული ქრონომეტრაჟით მომზადებას, მის ეთერში კვირაში ექვსჯერ და დღეში მინიმუმ სამჯერ გაშვებას ითხოვს ემბისი FM 93.5-ისგან მარტვილის მუნიციპალიტეტიც. კვირაში ერთხელ მერიის ან/და საკრებულოს წარმომადგენელთან ინტერვიუ კიდევ ერთი მოთხოვნაა მუნიციპალიტეტისგან.

საინტერესოა, ასევე ახალქალაქის მერიასა და "ატვ-12-ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელს საინფორმაციო გადაცემის მომზადება, საკრებულოების სხდომების, მერიის თათბირების, სპორტული ღონისძიებებისა და საზოგადოებრივ-სოციალური საკითხების გაშუქება, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების განცხადებების ეთერში გადაცემა და შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ჩართვები ევალება.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველი ორგანოები მედიებისგან მომსახურებას ძირითადად მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების, თვითმმართველი ორგანოების სხვადასხვა აქტივობებისა და საკრებულოს სხდომების გაშუქება/ტრანსლირებისთვის ყიდულობენ. ამასთან, რიგ შემთხვევებში, პროდუქტის შინაარსსა და ფორმაშიც ერევიან, რაც კანონმდებლობით აკრძალულია და კონკრეტული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის მცდელობაზე მიუთითებს.

ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება

2019 წლის პირველ ოთხ თვეში, მუნიციპალურმა უწყებებმა ახალი ამბების სააგენტოების მომსახურების შესყიდვის მიზნით 330 988 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს.


alt
სატელევიზიო მომსახურებისგან განსხვავებით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ონლაინ გამოცემებში საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონი არ კრძალავს, თუმცა, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების გათვალისწინებით, მედია ვალდებულია, რომ ამგვარი მასალები უშუალოდ რედაქციის მიერ მომზადებული ამბებისგან გამიჯნოს და მკითხველისთვის შესაბამისი მითითება გააკეთოს.

მსგავსი დათქმა თვითმმართველი ორგანოების მიერ მედიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც გვხვდება. მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ "სამხრეთის კარიბჭესთან" (sknews.ge) გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თვითმმართველი ორგანოს მიერ მიწოდებულ მასალას დაეწერება, რომ ის არის რეკლამა. იგივე წერია შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ შპს "პირველი ნიუსი-საქართველოსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც. კერძოდ, მითითებულია, რომ შპს-ის კუთვნილ ვებგვერდებზე (www.fax.ge, www.faxinter.news, www.epn.ge, www.economic.ge) დამკვეთის მასალებს სარეკლამო ნიშანი (® ან NS) მიეთითება.  სარეკლამო ტიპის მასალებს სარედაქციო მასალებისგან სხვა ონლაინ გამოცემებიც (მაგალითად - reginfo.ge, interpressnews.ge) მიჯნავავენ, თუმცა, უფრო მეტია ისეთი მედიასაშუალებების რაოდენობა, სადაც სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მაინც პრობლემად რჩება.

თვითმმართველი ორგანოების მიერ ახალი ამბების მომსახურების შესყიდვაში, სატელევიზიო შესყიდვების მსგავსად, ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციების განვითარების სააგენტო“ ლიდერობს. მან ამ მიზნით 49 999.92 ლარის ხელშეკრულება „შპს აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს“ გაუფორმა  და მისგან თბილისის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შესახებ მედასაშუალებებით გასული ინფორმაციის მონიტორინგისა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე მის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ანონსების შუზღუდავი განთავსების სერვისი იყიდა. კომპანია “აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსი” (ipm.ge) სხვადასხვა უწყებას მედიამონიტორინგსა და ონლაინ გამოცემებში ინფორმაციის განთავსებას სთავაზობს.

საერთო ჯამში მუნიციპალურმა ორგანოებმა ყველაზე მეტი, 51, 514 ლარის მომსახურება შპს “ახალი ამბებისგან” შეისყიდეს, ხელშეკრულების თანხმად მასალები interpressnews.ge-ზე უნდა განთავსდეს. მას 34 142 ლარით „შპს თავისუფალი გაზეთი+“ მოსდევს, რომელიც ინფორმაციას გამოაქვეყნებს შემდეგ ვებსაიტებზე - press.ge, ibusiness.ge, iregions.ge, imtavroba.ge, mpress.ge.

რამდენიმე მუნიციპალიტეტმა (მაგ. ვანი, ახმეტა, თერჯოლა, ხონი და აშ.) უპირატესობა შპს მეურვეს მიანიჭა. ჯამში 32 395 ლარის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაცია guardian.ge-ზე გამოქვეყნდება.

alt
მუნიციპალიტეტებსა და მედიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოები ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებას, ძირითადად, საკუთარი საქმიანობის, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ასევე პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზების მიზნით ყიდულობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ კანონმდებლობით მსგავსი მომსახურების ყიდვა არ ეკრძალებათ, თუმცა პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიის სტანდარტების გათვალისწინებით, მედიამ ამგვარი მასალების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა უნდა უზრუნველყოს და აუდიტორიას ცხადად მიუთითოს, რომ კონკრეტული მასალა კომერციული შინაარსის არის და არა მისი სარედაქციო პასუხისმგებლობით მომზადებული.

მედიის მიერ სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან გამიჯვნის წესები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმღვანელოშია გაწერილი. სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიასაშუალება ყველა იმ ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმის მეშვეობით ვრცელდება. აქედან გამომდინარე, სარეკლამო მასალის შესამაბისი აღნიშვნის გარეშე გამოქვეყნების შემთხვევაში სრული სარედაქციო პასუხისმგებლობა სწორედ მედიას ეკისრება.

ამავე წესების თანახმად, მედიამ პატივი უნდა სცეს საკუთარ აუდიტორიას და არ შესთავაზოს მას გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა. გარდა ამისა, მედიას სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს შემუშავებული და დამკვეთთან მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სწორედ მის საფუძველზე უნდა გააფორმოს.


თეგები : სარეკლამო მასალები ;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.