უცხოელი მენეჯერი - სარედაქციო დამოუკიდებლობის ილუზია
27.07.2019

საქართველოში ყოველთვის, როცა კრიზისული ან კრიტიკული სიტუაცია იქმნება, გამოსავლად თუ ხსნად უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და დაქირავება ახსენდებათ. უახლოესი წარსულიდან მაგალითები კი აჩვენებს, რომ ეს პრობლემას ვერ აგვარებს.

საკითხი აქტუალური ამ რამდენიმე დღის წინაც გახდა, როდესაც ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელ უმსხვილეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, მრავალწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, მფლობელი შეეცვალა. ტელევიზიაში მომუშავე რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები მოითხოვეს. ახალმა მფლობელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მალე შეარჩევს და დანიშნავს “მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის და დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ევ­რო­პე­ლ ან ამე­რი­კე­ლ მე­დია-მე­ნე­ჯე­რს”.

მოდით, გავიხსენოთ მფლობელებისგან დაქირავებული უცხოელი მედიამენეჯერების ღვაწლი საქართველოში და ის, თუ რამდენად უზრუნველყოფდნენ ისინი სარედაქციო დამოუკიდებლობას.

უცხოელი მრჩევლები ივანიშვილის ტელევიზიაში

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მაშინდელი ოპოზიციური კოალიციის “ქართული ოცნების” ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხმა” მაუწყებლობა დაიწყო.

altარჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე “მეცხრე არხმა” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე განაცხადა. საბჭოს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ, CNN-დან ლარი კინგი, “ნიუ-იორკ თაიმსიდან” ლეს გელბი და სხვები, უნდა უზრუნველეყო ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ვნახოთ, როგორ შეფასდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2012 წელს ჩატარებული მედიამონიტორინგის მიხედვით “მეცხრე არხის” სარედაქციო საქმიანობა, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ანგარიშიდან:

  • სიუჟეტებში მოკვლევის დაბალი ხარისხის მაჩვენებელია;
  • საინფორმაციო გადაცემის უმთავრესი პრობლემა დაუბალანსებლობაა;
  • მთავრობას, "ნაციონალურ მოძრაობას" უარყოფით, "ქართულ ოცნებას" კი დადებით ტონში აშუქებდა;
  • პირადი ცხოვრებისა და პირადი ტრაგედიის ხელყოფის მაგალითები;
  • ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის პრობლემა;
  • საინფორმაციო გადაცემების მიკერძოებულობა...
“არხს მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა ბალანსის, მოკვლევით მასალებში ფაქტებისა და კომენტარების გაუმიჯნაობის, წყაროთა ზუსტი იდენტიფიცირებისა და ფაქტების სიზუსტით მოწოდების თვალსაზრისით. ეს საბოლოო ჯამში იძლევა იმის საფუძველს, რომ არხის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება შეფასდეს, როგორც მიკერძოებული”, - ნათქვამია ქარტიის ანგარიშში.

პატარკაციშვილის ტელევიზია უცხოელების მართვაში


2007 წლის 7 ნოემბრამდე, ანუ ტელეკომპანია “იმედის” დახურვამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, ტელევიზიის დამფუძნებელმა ბადრი პატარკაციშვილმა ავსტრალიური წარმოშობის ამერიკელი მედიამაგნატის, რუპერტ მერდოკის კომპანია “ნიუს კორპთან” პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა და “იმედის” გენერალურ დირექტორად ამერიკელი ლუის რობერტსონი დანიშნა.

altმოგვიანებით, 2007 წლის 6 ნოემბერს, როდესაც თბილისი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა, რომელსაც ღიად უჭერდა მხარს ბადრი პატარკაციშვილი, ტელეიმედის 100%-ანი წილი მართვაში გადაეცა კომპანიას News Corp Europe.Inc.

უცხოურმა მენეჯმენტმა არხი დახურვისგან ვერ დაიცვა. მაშინდელმა ხელისუფლებამ პატარკაციშვილს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზებაში დასდო ბრალი. ხოლო იმ მოტივით, რომ “ტელეკომპანია ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა”, დააყადაღეს “იმედის” ქონება, რასაც წინ უძღოდა ტელევიზიაში სამართალდამცავების შეჭრა, დარბევა და მაუწყებლობის შეწყვეტა.

დაახლოებით 1 თვეში ტელევიზიამ მაუწყებლობა აღადგინა, თუმცა რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პატარკაციშვილის პოლიციის მაღალჩინოსან ერეკლე კოდუასთან საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რაც მისი მხრიდან შეთქმულების ორგანიზებაზე მიუთითებდა, ტელეიმედი ჟურნალისტებმა დატოვეს და არხი ისევ გაითიშა.

იმედის მაუწყებლობა ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ აღდგა, მალევე (2008 წლის 24 მარტს) გაუქმდა გარიგება წილის მართვის შესახებ “ნიუს კორპთან”.

სამწუხაროდ, იმ პერიოდში, როცა ნიუს კორპი მართავდა “იმედს”, პროფესიული ორგანიზაციები საქართველოში მედიამონიტორინგს არ აწარმოებდნენ, რომელიც მოგვცემდა იმის შეფასებას, თუ რამდენად იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი. 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ანგარიში გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა. ამ ანგარიშში იმედი მოხსენიებულია “ოპოზიციის” მხარდამჭერად მიჩნეულ პოპულარულ კერძო ტელეკომპანიად”.

მიხნიკის ჯგუფი


“იმედის” დახურვის შემდეგ, 2007 წლის დეკემბრის დასაწყისში, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მთავრობის ინიციატივით, პოლონელი ჟურნალისტის ადამ მიხნიკის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მედიამონიტორინგის ჯგუფი საქართველოში.

altმიხნიკის ჯგუფის მუშაობას ხელი უნდა შეეწყო ტელეკომპანია ”იმედის” მუშაობის აღდგენისათვის. პარალელურად, ჯგუფს უნდა ჩაეტარებინა სატელევიზიო სივრცის მონიტორინგი იმის დასადგენად, თუ რამდენად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან პრეზიდენტობის კანდიდატები.

საბოლოო ჯამში, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ტელეკომპანია “იმედის” გარეშე ჩაიარა. ეუთოს მაშინდელი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია “მესაკუთრეებისა და პოლიტიკური პატრონების ძლიერი გავლენის ქვეშ” იყო, საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს ტელევიზიების მიერ არ იყო დაცული ბალანსი და ძირითად დროს უთმობდნენ მაშინდელ პრეზიდენტსა და სახელისუფლებო კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს.

უცხოელი მედიაომბუდსმენი


2017 წლის მარტში სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რომლითაც ტელევიზიის მფლობელობა ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის განმუხტვის გზად ხელისუფლებამ, კერძოდ კი, მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის ომბუდსმენის ოფისის შექმნა შემოგვთავაზა, ისევ და ისევ უცხოელი მედიაექსპერტების მონაწილეობით.

“გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამ ინიციატივამ სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია მედიაპროფესიონალებს შორის საქართველოში და არა მხოლოდ. ეუთოს მედიის თავისუფლების ინსტიტუტის შეფასებით, “ახალმა ინსტიტუტმა მედიასივრცეში არსებულ ინსტიტუციებს გამოწვევები არ უნდა შეუქმნას”. ასეთ ინსტიტუციებად კი მოხსენიებული იყო საქართველოში უკვე მოქმედი ომბუდსმენის ოფისი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

უცხოელი მედიამფლობელები თუ მენეჯერები?


სარედაქციო დამოუკიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა რედაქტორებისთვის მინიჭებული თავისუფლება, რომ გადაწყვეტილებები მედიამფლობელების ჩარევის გარეშე მიიღონ. ამ ჯაჭვში რედაქტორი და მედიამენეჯერი მნიშვნელოვანი რგოლია, თუმცა, რედაქტორად მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი სტაჟის დაგროვების შემდეგ, ალბათ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა დიდწილად სწორედ მედიამფლობელზეა დამოკიდებული - იმაზე, თუ რომელ ბიზნეს თუ პოლიტიკურ ჯგუფთან არის ის დაკავშირებული, რამდენად დივერსიფიცირებული აქვს შემოსავლები და ა.შ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ინდექსში მოწინავე ადგილი ესტონეთს უკავია. ესტონეთში მედიის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკანდინავიურმა ინვესტიციებმა მედიაში: ნორვეგიული და შვედური კომპანიები გახდნენ მთავარი გაზეთებისა და კერძო ტელევიზიების მფლობელები, რამაც მედია ადგილობრივი ოლიგარქების გავლენისგან დაიცვა.

სოციალისტური რეჟიმისგან გათავისუფლებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მედიაბაზარზე დასავლური კომპანიების შესვლამ უზრუნველყო პრესის თავისუფლება: მაგალითად, ჩეხეთში, სადაც Freedom House-ის შეფასებით, პრესა სრულად თავისუფალია, ჟურნალების და გაზეთების 70%-ს გერმანული და შვედური კორპორაციები ფლობდა.

საქართველოში მედიაბაზარს, როგორც წესი, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენები ან ადგილობრივი ოლიგარქები ინაწილებენ. უცხო ქვეყნებიდან მედიაბაზარზე ღიად თუ ირიბად აქტიურად მონაწილეობს რუსეთი. სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს იმ გამოცემებში ვხვდებით, რომლებიც დასავლური ფონდებიდან ფინანსდებიან.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ