‘არ მინდა ამ დირექტორის კონსულტირება’ - ზვიად ქორიძე აჭარის ტელევიზიას ტოვებს
25.11.2019

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონლულტატის პოზიციას ტოვებს. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სახელზე დღეს, 25 ნოემბერს შევიდა. ზვიად ქორიძის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა გახდა.

“ვიყავი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კონსულტანტი, ეს შემოთავაზება იყო წინა დირექტორისგან და მაშინ გაფორმდა კონტრაქტი, ნათია კაპანაძის დროს. შემდგომ ნათია ზოიძე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მასაც ჰქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი კონსულტანტი. ახლა უკვე ჩემი სურვილია, რომ არ მინდა ამ დირექტორის კონსულტირება. ამიტომ მე ცალმხრივად ვწყვეტ კონტრაქტს და დანარჩენი მასზეა დამოკიდებული”, - ამბობს ზვიად ქორიძე მედიაჩეკერთან საუბრისას.

“ქართული ოცნების” დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე 22 ნოემბერს, განმეორებით კენჭისყრაზე აირჩია.

 


ზვიად ქორიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, კონსულტანტად,  2019 წლის იანვარიდან მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ქორიძე აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა.

ზვიად ქორიძე  25 წელზე მეტია, პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციის და გადაცემის ავტორი.  სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“, „ტელეიმედის“, ტელეკომპანია „მზეს“, „პირველი არხის“ ახალი ამბების რედაქციებში.  ასევე იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი და კონსულტანტი.

2011 – 2013 წლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელობდა. ზვიად ქორიძე არის თანაავტორი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების, რომლის საფუძველზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ შეიქმნა.  

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ