აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება
24.02.2020
აჭარის ტელევიზიაში მომხდარი მორიგი საკადრო ცვლილებების შემდეგ (იგულისხმება სარედაქციო საქმიანობიდან მაია მერკვილაძის ჩამოშორება), მაუწყებლის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართონ.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, ჟურნალისტებმა კოლექტიური გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება.

მალხაზ რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საგაფიცვო დოკუმენტს ამზადებენ.

"მთავარი შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკის დაცვა იქნება. ამ ეტაპზე  მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს იგი "მედიაჩეკერთან" საუბარში. 

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი რედაქცია “სასურველ ტრენდზე” გადასვლისგან. ასე ერთიანები დავხვდებით იმათაც ვინც შეეცდება “გადაგვაბიჯოს” და ჩვენს ადგილებზე დაჯდეს. პასუხისმგებლობა სუს-ის მობილიზებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ასე, რომ ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა გიორგი კოხრეიძესთან, ან გიგა ჩხარტიშვილთან, ეს არის ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ", - წერს სოციალურ ქსელში მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილ უფროსსა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს მაია მერკვილაძეს, მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ტოქშოუს გაკეთებას სთავაზობს, 20:00 საათიანი გამოშვების ხელმძღვანელად კი მერკვილაძის ნაცვლად ნინო ხაჟომიას ნიშნავს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ