"პოლიტმეტრის" გუნდმა "TV პირველი" დატოვა
12.06.2020
"TV პირველის" წამყვანები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია ტელეკომპანიას ტოვებენ. მათ გარდა არხს ტოვებს გადაცემა "პოლიტმეტრის" სრული შემადგენლობა. ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, გადაცემა „პოლიტმეტრის“ დასრულების შემდეგ, მისმა წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა  განაცხადეს.

გადაცემის დასრულების შემდეგ, ვახო სანაიამ განაცხადა, რომ არხზე 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ახსნა:

"ეს იყო "პოლიტმეტრის" ბოლო გადაცემა "TV პირველზე", როდესაც ამ შენობაში შემოვედი, "TV პირველი" არც არსებობდა, მაშინ ეს არხი სპორტული იყო. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების 5 წელი, ამდენი ხანი სხვათა შორის, არცერთ ტელევიზიაში არ მიმუშავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. აქ ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო, ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. იყო სხვა ფაქტორებიც, მედიასტანდარტი, ასევე ნიშა, რომელიც "TV პირველმა" საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის, ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით 5 წელი, ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით სწორედ. რა და როგორ გამოგვდიოდა, ეს თქვენი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი კი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია, აქვე, კერძო არხსაც, ბუნებრივია, აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. "TV პირველს" ავტორებთან ერთად ტოვებს მისი სარედაქციო შემდაგენლობა, მე და ნინო ჟიჟილაშვილი, პროდუსერები და ჟურნალისტები", - განაცხადა ვახო სანაიამ

ნინო ჟიჟილაშვილმა, ისე როგორც საინფორმაციო სამსახურის დატოვების შემდეგ, ახლაც ხაზი გაუსვა, რომ მიზეზი სარედაქციო ხედვების აცდენაა:

"პოლიტმეტრი "TV პირველზე" დღეს ამ გადაცემით ასრულებს მუშაობას, მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "TV პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩრთულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევის მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას,  რაც სამწუხაროდ ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს  რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის  თვალსაზრისით "TV  პირველზე" ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა და მან მადლობა გადაუხადა  არხის დამფუძნებელს, დამოუკიდებლად მუშობის შესაძლებლობისთვის და კოლეგებსა და მაყურებელს, - "თუკი დაინტერესდებით "პოლიტმეტრის"  მოძებნით და ჩვენი ხილვით კიდევ მომავალში,  ამას აუცილებლად შეძლებთ. პულტზე აუცილებლად გვიპოვით სადმე. აი, თუ სად დაზუსტებით შეგვეძლება შეგატყობინოთ მალე".



ინფორმაცია TV პირველიდან ჟურნალისტების წამოსვლაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა, თავად ჟურნალისტები ამ საკითხზე მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას გარდა, ტელევიზიიდან წამოსვლის მსურველთა შორის ასახელებენ დღის ამბების წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს. თუმცა, 10 ივნისს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.



TV პირველში ეს ცვლილებები დროში ემთხვევა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლასა და ნოდარ მელაძის მთავარ პროდუსერად დანიშნვას. (მელაძის პროდუსერად დანიშვნის შემდეგ გადავიდა არხზე „მთავარის“ 6 ჟურნალისტი).

მელაძე პროდუსერად 21 აპრილს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე, 1-ელ მაისს, ცნობილი გახდა, რომ "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი აღარ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან მისი და ხელმძღვანელობის ხედვების განსხვავებულობა დაასახელა.

"კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება. გუნდი, რომელთან ერთადაც "TV პირველში" მოსვლის დღიდან ვმუშაობ, ახლა ტოქშოუს მიმართულებას დავუთმობთ მთელ ენერგიას", - უთხრა მაშინ ნინო ჟიჟილაშვილმა "მედიაჩექერს".

ამ ცვლილების შემდეგ არხზე კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. 6 ივნისს ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ TV პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. ვრცელ სტატუსში გრიგოლიამ ახსნა, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახური ინტერესების გამო მიიღო და ამ საკითხზე დამატებით კომენტარებს აღარ გააკეთებდა. გრიგოლია არხიდან არ წასულა, მან თქვა, რომ გააგრძელებს საავტორო გადაცემას "რეაქცია" და იქნება რამდენიმე გადაცემის პროდიუსერი.

ამის შემდეგ, არხის გენერალური დირექტორი მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი გახდა. საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ