'თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლით' - Tv პირველში მუქარაზე საუბრობენ
21.10.2020
"ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ დღეს, 21 ოქტომბერს მის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ. ვატო წერეთელი მისი ოჯახის მიმართ მუქარებს ტელევიზიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

ავთანდილ წერეთელი "ტვ პირველთან" საუბარში იხსენებს, რომ ლისის ტბაზე სავარჯიშოდ ასულს ორი ახალგაზრდა კაცი დახვდა და დაემუქრა: “თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო”.

ვატო წერეთელი მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს და ამბობს, რომ მის საქმიანობასთან დაკავშირებით პირდაპირი მუქარები დიდი ხანია გრძელდება:

"ჩემი ოჯახის მიმართ დევნა დიდი ხანია დაწყებულია და, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკას. მინდა პირდაპირ მოვუწოდო “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს ჩემი ოჯახის დევნა. ეს ტელევიზია ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, რაც არ უნდა გააკეთონ.”

მომხდარს ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა:

“მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” უთხრეს, რომ ავთანდილ წერეთელი გამოკითხვაზეა დაბარებული. რაც შეეხება იმას, დაიწყება თუ არა მომხდარზე გამოძიება, ამ ეტაპზე უწყებაში ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხეს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები