'დაცინვაა' - მედიასამართლის იურისტი 'პუბლიკას' ჟურნალისტის საქმის კვალიფიკაციაზე
31.10.2020
ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მედიასამართლის იურისტის ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, ეს, ფაქტობრივად, დაცინვაა.

გარდა ტელეფონის დაზიანებისა, “პუბლიკას“ ჟურნალისტს მოქალაქემ ხელი შეუშალა ჟურნალისტურ საქმიანობაში და ფიზიკურადაც გაუსწორდა. შემთხვევა თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.

იურისტის შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სამი მუხლით უნდა დაწყებულიყო.

“კვალიფიკაცია არასაკმარისია. რეალურად, ის ადამიანს დაესხა თავს, დაარტყა, ფიზიკური ძალადობის მუხლითაც უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლითაც. მხოლოდ 187-ე მუხლი არაფერი არ არის, დაცინვაა”, - ამბობს საქართველოს ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და პირველი ნაწილი “ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე”.

"პუბლიკას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, მინდია გაბაიძეს, რომელიც თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.



ამავე უბანზე, იგივე ინციდენტის გადაღებისას, დაზიანება მიიღო "TV პირველის" ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, მას, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.

მომხდარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.

საარჩევნო უბნებზე მედიის ხელშეშლისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ასევე გამოეხმაურა კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის". კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება. ასევე, მიმართავს მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ