ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე - ქარტია
25.02.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტიის ეს განცხადება ტელეკომპანია ფორმულას წამყვანზე, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას მოჰყვა. 

"ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ  გაავრცელა. 

შეგახსენებთ,  დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

"პირდაპირ აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, “ტვ პირველის” მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთი-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - ამბობს ვახო სანაია ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტსა და მის ნათესავზე. ვახო სანაია ამბობს, რომ დაზიანებები თავის და სხეულის არეში აქვს მიყენებული. ფაქტზე სამი ბრალდებულია დაკავებული. შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ