სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მანიფესტი კრიტიკული მედიის დასაცავად
27.02.2021
"სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს", - დღეს, 27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ტელეწამყვან ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და  ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ და უზრინველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.

მანიფესტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.

“სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს”, - ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მოუწოდეს:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვახო სანაიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისში და ბათუმში რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მანიფესტს ხელი მოაწერეს. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია და მანიფესტზე ხელმოწერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “TV პირველის”, “მთავარისა” და “კავკასიას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ