“გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი
03.03.2021
2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა თავი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად” გამოაცხადა.

ტელევიზიას მართლაც ჰქონდა ლომის წვლილი იმაში, რომ ხელისუფლება ხავერდოვანი რევოლუციის გზით შეიცვალა, რადგან აქტიურად აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას და ამხელდა მის მანკიერებებს.

მაგრამ “ვარდების რევოლუციის” და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ” თანდათან შეწყვიტა ხალხის, ანუ აუდიტორიის მსახურება, რომ მისთვის კრიტიკული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ჰოდა, ასე თანდათან, ყოველდღიურად, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიისგან” მივიღეთ მხოლოდ ხელისუფლების რუპორი და პროპაგანდისტული მანქანა.

ტელევიზიაში ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ მფლობელები, უცვლელი რჩებოდა ხელისუფლების მსახურების მისია, დაქოქილი პროპაგანდისტული მანქანა.

ხელისუფლების მსახურებაში გადანაცვლებული “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” ეპოქის წიაღში იშვა ტელეკომპანია “იმედი”, რომელმაც ტელევიზიებისგან დავიწყებული ხალხის მსახურების მისია მოირგო - შეუდგა აუდიტორიის ინფორმირებას და ხელისუფლების მხილებას.

მაშინდელმა ხელისუფლებამ კრიტიკული ტელევიზიის ჩახშობა გადაწყვიტა და 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა სპეცოპერაციის გზით ჩაახშო. მოგვიანებით კი ეთერში დაბრუნებული ტელეკომპანია ისევე დაიმორჩილა, როგორც მანამდე “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” - ტელევიზიას მფლობელები შეუცვალა, მერე კი სარედაქციო პოლიტიკის ტრანსფორმაციაც არ გართულებულა.

წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში, როგორც იქნა, ხელისუფლება დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა, იმის შანსიც გაჩნდა, რომ ხალხისთვის წართმეული ეს ტელევიზიები ისევ ხალხისთვის, აუდიტორიის მსახურებაში დაებრუნებინათ.

ჰო, გაჩნდა შანსი იმისა, რომ “რუსთავი 2” მისი დამფუძნებლებისთვის დაუბრუნებინათ, რომლებმაც მოახერხეს ერთ პატარა ქალაქში გახსნილი მაუწყებლისგან თანამედროვე, აუდიტორიისთვის, ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრეატიული და კრიტიკული ტელევიზია შეექმნათ.

გაჩნდა შანსი, რომ არა “გამარჯვებული ან დამარცხებული ხალხის”, არამედ უბრალოდ ხალხის ტელევიზია მიგვეღო, რომელიც შეასრულებდა მედიის მთავარ ამოცანას - შეექმნა ხალხისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო, კრიტიკული და კრეატიული კონტენტი. მაგრამ ეს შანსი გამოუყენებელი დარჩა. საბოლოოდ, როდესაც “რუსთავი 2”-ის მფლობელების ირგვლივ დავა ისე დასრულდა, რომ მისი მფლობელი შეიცვალა, მაგრამ არ დაბრუნებია დამფუძნებლებს, მივიღეთ სლოგანი, რომ მისგან შექმნიდნენ “გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზიას”. გამარჯვებული ან დამარცხებული ჟურნალისტების ჯგუფისთვის კი, თავშივე ცხადია, რომ შეუძლებელია მიუკერძოებელი, დაბალანსებული, მრავალმხრივი კონტენტის წარმოება.

2012 წელს განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ შანსი გაუჩნდა ტელეკომპანია “იმედსაც”, როდესაც ის ძველ მფლობელს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად მას შეეყარა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი, სინდრომი, რომელიც მთლიანად შთანთქავს ჟურნალისტიკას, აშავთეთრებს ფერად ეკრანს - თეთრად წარმოაჩენს “გამარჯვებულებს” და შავად - “დამარცხებულებს”.

“იმედი” ღიად იქცა არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლების “გაშავებისა” და გამარჯვებული ხელისუფლების ხოტბისთვის პროპაგანდისტულ მანქანად. ეს თავად ტელევიზიის დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმაც დაადასტურა, როდესაც მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ტელევიზიაში შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

ლალიაშვილმა განაცხადა: “არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა“.

“გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი გადამდები აღმოჩნდა სხვა მაუწყებლებისთვისაც. რამდენიმე კვირის წინ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვლმა განაცხადა, რომ უბრუნდებოდა "POSTV“-ის ხელმძღვანელის პოზიციას, რათა ტელევიზიამ “მეტი შეუპოვრობით დაიცვას 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი”. ანუ ტელევიზიის ხელმძღვანელმა პირდაპირ გამოუცხადა აუდიტორიას, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება არსებული ხელისუფლების პიარი.

მოგვიანებით კი ლაშა ნაცვლიშვილმა აუდიტორიას აუწყა, რომ "POSTV“-მ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური პროპაგანდისთვის.

“ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზოგადად, მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში ის, რომ წლების მანძილზე ვერ ხერხდება პოლიტიკური პარტიების უშუალო გავლენებისგან თავისუფალი მძლავრი მაუწყებლების ჩამოყალიბება, რაც ტელევიზიებს იმთავითვე აქცევს მხარედ, აქტორად და არა მხარეებისა და აქტორების მოდარაჯე ნაგაზად.

ეს პროცესი მძიმედ აზიანებს ხალხს, რომლისთვისაც ტელევიზია ჯერ კიდევ ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა მაშინ, როცა ყველაზე ფართო აუდიტორიის მქონე ტელევიზიები მას ინფორმაციის ნაცვლად პროპაგანდას აწვდიან.

მეორეს მხრივ, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სინდრომი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტელეჟურნალისტიკის განვითარების პროცესს ქვეყანაში, რადგან იქ სადაც პროპაგანდაა, ჟურნალისტიკა აღარ არსებობს.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ