გაწყვეტილი კავშირი ნამოხვანთან - როგორ (ვერ) მუშაობდა მედია
06.04.2021
ონლაინ გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი 3 აპრილს სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის გასაშუქებლად ავიდა, თუმცა მუშაობაში ხელი შეეშალა. მთივლიშვილი ჰყვება, რომ იმ დღეს ნამოხვანში ინტერნეტი შეზღუდული იყო.

“ჩვენ გვიწევდა ნამოხვანიდან გუმათამდე [დაახლოებით 17 კილომეტრის მანძილზე] წასვლა, რომ ინტერნეტი მიეღო ტელეფონს და ინფორმაცია გადაგვეცა. დროულად ვერც ფოტომასალა გავავრცელეთ და ვერც ახალ ამბებს გადავცემდით”, - ამბობს "მთის ამბების" რედაქტორი.

რიონის ხეობაში 3 აპრილს კომპანია “ენკამ” “ნამახვანჰესის” მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ ნამოხვანის მიმართულებით, სოფელ გუმათთან გზა გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.

იმავე დილას, “მთის ამბებმა” გამოაქვეყნა შსს-ს სპეციალური ავტომობილის ფოტოც, რომელზეც, როგორც გამოცემა წერდა, “სპეციალისტების თქმით, სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იყო დამაგრებული”.



“რადიო ინჟინრების განმარტებით, ერთი ანტენა მაღალი ალბათობით, შსს-ს თანამშრომლების კავშირის გაძლიერებას ემსახურებოდა, მე-2 ე.წ ქსელის ანტენა კი, სავარაუდოდ, ხეობიდან სიგნალებს კრებდა და შემდეგ ამ კავშირს წყვეტდა, ანუ ინტერნეტს ახშობდა” - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ასეთივე გამოცდილება ჰქონდა ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძესაც. ის ამბობს, რომ ვერც სოციალური ქსელით და ვერც ტელევიზიით მოვახერხეთ პირდაპირ ეთერში გასვლაო.

ერთადერთი სატელეფონო ქსელი, რომელიც სოფელ ნამოხვანში ჩვეულებრივ, გამართულად მუშობს, “მაგთიკომია”. “სილქნეტის” უახლოესი ანძა დაახლოებით 12 კილომეტრში დგას. მისი დაფარვის ზონა კი, როგორც კომპანიაში ამბობენ, 500 მეტრია.alt

როგორც “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, მაკა სულაძემ და ვარლამ გოლეთიანმა გვითხრეს, სოფელში, ჩვეულებრივ, შეფერხებით მუშაობს კომპანია “ბილაინიც” და მხოლოდ “მაგთიკომის” სიგნალია გამართული. თუმცა, როგორც გელა მთივლიშვილი ჰყვება, 3 პრილს არც “მაგთის” ინტერნეტი მუშაობდა.

ამ ამბავს 3 და 4 აპრილს გამოხმაურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველი. სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენებას ომბუდსმენმა “გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა” უწოდა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”, “საიამ” და “მწვანე ალტერნატივამ” კი ეს შეკრების, მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების უხეშად დარღვევად შეაფასეს . კავშირგაბმულობის შეზღუდვა დაგმო კოალიციამაც “მედიის ადვოკატირებისთვის”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 აპრილს სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენების შესახებ ინფორმაცია უარყო. უწყების განმარტებით, “სპეციალური სატრანსპორტო საშუალება [შსს-ის] რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა.”

გელა მთივლიშვილი იხსენებს, რომ 3 აპრილს საღამოს გადაღებულ ფოტოში ე.წ ქსელის ანტენა უკვე აღარ ჩანს. ნამოხვანში ინტერნეტკავშირი მხოლოდ 4 აპრილს დილიდან განახლდა. “პირდაპირი ეთერის ჩართვა, ვიდეოს გაგზავნა, “მესენჯერში” პასუხის გაცემა და ა.შ., მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მძლავრი რეაქციის შემდეგ გახდა შესაძლებელი” - ამბობს მთივლიშვილი.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ