ქარტია: "დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა"
11.07.2021

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. 

ქარტია მიიჩნევს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.",- ნათქვამია განცხადებში

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოითხოვს: 

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;  
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;  
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

"ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების გამო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით დღეს 18:00 საათზე აქცია დაიგეგმა პარლამენტთან.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს გამთენიისას იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ