მედია ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნეა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
29.09.2021
„ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის.“, - ასე აფასებს წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციის ანგარიში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს.

რას წერს მედიაგარემოზე არასამთავრობო ორგანიზაცია?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მედიაგარემოსთან მიმართებით მდგომარეობამ ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

ორგანიზაციის განცხადებით:

• ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს.

• მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.

• მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს.

• ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცის ნამდვილობას.

• გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით.

• გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანგარიშში მედიაგარემოს შეფასებისას მოყვანილია ცალკეული მაგალითებიც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ