სასამართლომ ipn-ის და 'ტვ პირველის" რეპორტიორებზე მოძალადეებს განაჩენი გამოუტანა
06.04.2022
სასამართლომ 5 ივლისს „ინტერპრესნიუსის“და „ტვ პირველის“ რეპორტიორების მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის მუხლი მოუხსნა და მათ 12 და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


5 ივლისს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლიშვილის და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასაართლომ განაჩენი დღეს, 6 აპრილს გამოუტანა.

სასჯელი

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით,

1 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლიშვილზე ძალადობაში ბრალდებულებს:

  • ბაქარ მაისურაძეს
  • ნიკოლოზ დადვანს
  • თორნიკე გაბელიანს

„ტვ პირველის“ ოპერატორის ძალადობაში ბრალდებულ ვანო ბურდულს კი, წარსულში ნასამართლეობის გამო, სხვებთან შედარებით 6 თვით მეტი- 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

მაისურაძე, დადვანი და გაბელიანი 3 თვეში, ბურდული კი - 9 თვეში დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.

4 აპრილს მოსამართლემ გამოაცხადა სასამართლოს განაჩენი 5 ივლისის საქმის რამდენიმე ეპიზოდზე და ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობაზე თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა 6 ბრალდებულს.


ვრცლად ამ თემაზე: სასამართლომ 5 ივლისის მოძალადეებს განაჩენი გამოუტანა


კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ