მედიაკოალიცია შსს-ს “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით მიმართავს
27.06.2022
მედიის ადვოკატირების კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს აირიდოს 2021 წელს 5 ივლისს დაშვებული შეცდომები და დაიცვას მედიისა და ქვიარ აქტივისტების უსაფრთხოება.


რა ხდება?
28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, რომლის ფარგმებში ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და პრაიდ ფესტივალი გაიმართება.

მედიაკოალიცია: “ღონისძიებების გამართვას კვლავაც საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.” 

რატომ არის მნიშვნელოვანი? კოალიციის განმარტებით, 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ, სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ვალდებულია დაიცვას მედია და “თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება.

მედიაკოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება.
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან.
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
კონტექსტი

2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ