რუსი ბლოგერი, რომელსაც საქართველოში არ უშვებდნენ, ლიეტუვაში ჩავიდა
29.06.2022
რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი (ოგუზი), რომელსაც ორი კვირის განმავლობაში საქართველოში არ უშვებდნენ, ლიეტუვაში გაფრინდა.


რა მოხდა? რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი 29 ივნისს ლიეტუვაში ჩავიდა. ის 12 ივნისიდან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რჩებოდა. ინსა ლანდერს შსს-მ უარი უთხრა საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოსვლაზე, თუმცა 27 ივნისს სახელმწიფომ მისი ქვეყანაში შემოშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და იმავე დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ლანდერი თბილისში ჩაიყვანეს.

ინსა ლანდერის ინტერესებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავდა. ბლოგერის უფლებადამცველების ინფორმაციით:

  • ინსა ლანდერმა 13 ივნისს განმეორებით მოითხოვა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა და საქართველოში საერთაშორისო დაცვა (თავშესაფარი), რაზეც უარი მიიღო.
  • ორგანიზაციამ 17 ივნისს ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბლოგერისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა.
  • 20 ივნისს, „უფლებები საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დროებითი ღონისძიების გამოყენების გზით ინსა ლანდერისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილიყო.
  • 22 ივნისს, ევროსასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო მხარეებთან - მოსარჩელეს და სახელმწიფოს გამოუგზავნა კითხვები და კითხვებზე პასუხების წარდგენის საბოლო ვადად 29 ივნისი განუსაზღვრა.
  • 27 ივნისს საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ინსა ლანდერის ქვეყანაში შემოშვების შესახებ.

რატომ წავიდა ბლოგერი ლიეტუვაში? ინსა ლანდერს ლიეტუვაში გამგზავრება ლიეტუვის ელჩმა საჯაროდ შესთავაზა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მას საქართველოში შესვლის ნებას მისცემდნენ.

ინსა ლანდერის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ვრცლად, ვინ არის რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ