სახელმწიფომ მედიაზე რეგულირების სფერო გაზარდა — "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მიღებულია
22.12.2022

რა მოხდა?
პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, 81 ხმით დაუჭირა მხარი.

რას ნიშნავს ეს?
  • სახელმწიფომ გაზარდა რეგულირების სფერო მედიაზე;
  • მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის ამ დრომდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, ამიერიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის.
შესაბამისად,
კანონის ამოქმედებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა უფლება, განიხილოს მედია პროდუქტის შინაარსობრივი ნაწილი, რაშიც მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან, დამოუკიდებელი მედიების შინაარსში ჩარევის მაღალ საფრთხეს ხედავენ.

პროცესში გამოვლენილი ხარვეზები:
ხელისუფლების ექსკლუზიური მიდგომა, ინკლუზიურობის ნაცვლად

  • კანონში ცვლილებების ავტორი მმართველი გუნდია, მიზანი — ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც 2014 წლის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია.
  • ევროკავშირის მოთხოვნაა, ამ ნაწილში საქართველოს კანონის ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი იყოს ინკლუზიური — ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ცვლილებები მხარეების კონსენსუსით მოხდეს.
წერილი ევროპის საბჭოდან, რომელიც მთავრობამ უგულებელყო

  • ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე, საქართველოს პარლამენტს მიმართეს წერილით, რომლითაც სამუშაო პროცესის ვადა 2023 წლის 31 მაისამდე გაახანგრძლივეს.
  • წერილში საუბარია პროცესთან დაკავშირებულ პროგრესზეც, მაგრამ წერია, რომ ეს არ არის საკმარისი:
"მიუხედავად პროგრესისა, შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ამ დროისთვის საქართველო ასრულებს მას შესაბამისი დირექტივითა და ასოცირების შეთანხმებით დადგენილ პირობებში", — ნათქვამია ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ, 2022 წლის პირველ დეკემბერს გამოგზავნილ დოკუმენტში. ამის მიუხედავად, სამთავრობო გუნდმა პროცესი მაინც დაჩქარებულად წარმართა ისე, რომ არ დაელოდა ევროპის საბჭოს ექსპერტების საბოლოო დასკვნას.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის", რომელიც 16 ორგანიზაციისგან შედგება, მიიჩნევს, რომ:
  • წერილში, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, კანონპროექტის სადავო საკითხის შეფასებისას ქართული არასამთამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.
  • მმართველმა გუნდმა არც მედიის საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფების მიერ, კანონპროექტის შინაარსში იდენტიფიცირებული რისკები გაითვალისწინა.
  • მხედველობაში არ მიიღეს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას ალტერნატიული წინადადება.

"ამ კანონის მესამე მოსმენით დაჩქარებულად მიღება რეალურად, არ ისახავს მიზნად ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. არსებობს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მომზადებული დასკვნები, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუშლის და შეამცირებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს", — თქვა მარიამ გოგოსაშვილმა, ეთიკის ქარტიის დირექტორმა.

სხვა რა პრობლემები აქვს კანონს?
  • მედიის ადვოკატირების საკითხზე მომუშავე ორანიზაციები აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, შინაარსში ჩარევის მცდელობების გამო. კანონის ამ შინაარსით მიღებას კი განიხილავენ როგორც პოლიტიკურ იარაღს კრიტიკული მედიების მიმართ.
  • ჟურნალისტური თვითრეგულირება მნიშვნელოვანია, რადგან იცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და სახელმწიფო კონტროლს ამცირებს.
  • კანონპროექტი ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებასაც, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში, რაშიც, მედიის ექსპერტები კიდევ ერთ საფრთხეს ხედავენ.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?

  • კანონით გათვალისწინებულია სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისთვის პასუხის უფლების რეგულირებაც.
  • ცვლილება ასევე ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიებს, სარეკლამო კომუნიკაციების განახლებულ წესებს და ვიდეოგაზიარების პლატფორმების რეგულირების შემოღებას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე და ბექა ოდიშარია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ