სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" ვეტოს დაადებს
28.02.2023
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი, ანტიდასავლური პარტიის — "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ამის შესახებ, პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ", — ამბობს ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ შემოთავაზებული კანონი პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ დააშოროს საქართველო ევროპას.

რა უნდა ვიცოდეთ ვეტოზე?
  • კანონით, ვეტოს დაძლევა საპარალამენტო უმრავლესობას შეუძლია და ამისთვის 76 ხმაა საჭირო;
  • პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას "ქართულ ოცნება", 83 დეპუტატით წარმოადგენს. უმრავლესობის შემადგენლობაშია პარტია "ხალხის ძალაც".
  • შესაბამისად, მმართველი პარატია ვეტოს დაძლევს.
კანონპროექტისათვის ვეტოს დადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციაა და ეს ვერ შეაჩერებს მთავრობის სურვილს, "აგენტებად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი.

პროცედურულად:
  • კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები სავარაუდოდ, 2023 წლის 13 მარტს დასრულდება;
  • კანონპროექტი, პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, 7 აპრილამდე გავა.

რა უნდა გვახსოვდეს ამ კანონპროექტზე?

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.

რა მოხდება, თუ მედია თავს აარიდებს უცხო აგენტად რეგისტრაციას?
  • კანონპროექტში ნათქვამია, რომ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

რას ამბობს დამოუკიდებელი მედია?
  • არ აპირებენ, იმუშაონ "აგენტის" იარლიყით და ამ კანონპროექტის კანონად ფორმირების შემთხვევაში, უარს აცხადებენ "უცხო გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე.
  • ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
  • ხელისუფლება ცდილობს, რუსული მეთოდებით დაახშოს ინფორმაცია;

რატომ მიიჩნევს მედია, რომ ეს რუსული კანონია?
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.
  • 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით.

წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე:

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ