გენპროკურატურის გადაწყვეტილებით, მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს და არა — შსს
06.07.2023
მოკლედ: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოიძიებს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტს.

რას ამბობენ?
  • საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, საქმე, რომელსაც ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა, გამოსაძიებლად მათ გადაეცათ.
  • "სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს", — წერია მათს განცხადებაში.

კონტექსტი: მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქმესთან დაკავშირებულ მასალებს, რომელიც გუშინ, 5 ივლისს, დაზარალებულმა მიშა მშვილდაძემ წარადგინა და თქვა, რომ მასზე თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავუკავშირდით სუს-ს და ვკითხეთ, არის თუ არა გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელი, მაგრამ ამ კითხვაზე უწყებამ არ გვიპასუხა.


პრობლემაა, რომ:
  • გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
  • მედიამენეჯერის დაცვის მხარე კი მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.


რა ვიცით მშვილდაძეზე თავდასხის საქმის შესახებ?
  • ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა.
  • 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
  • მედიაჩეკერის ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ ის იყო თავდამსხმელი.
  • 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ