„ტვ 24": „ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად“
15.04.2024
 
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის მეუღლის ტელევიზიის განცხადებით:

„მას შემდეგ, რაც TV24-ის დამფუძნებელმა ტელეკომპანიის გახსნის შესახებ ღიად განაცხადა, ხელისუფლებამ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ქართულ მედიასივრცეში ახალი, დამოუკიდებელი აქტორი შემოსვლის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად და ზღუდავს ტელეკომპანიის ბალანსზე არსებულ ლეგიტიმურ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, ეს კი აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს“.

ახალი ტელევიზია „ტვ 24“-ის ბაზაზე საცდელი მაუწყებლობის დაწყებას აპრილის ბოლოს გეგმავს. 

შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნანა ლეჟავა იქნება. საჯარო რეესტრმა ლეჟავას განცხადება მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის დღეს მიიღო. 
„ტვ 24“-ის განცხადებით, კი სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს.

შოთა შალელაშვილის მეუღლის, ირა ფიჩხაძის კომპანია შპს „ნომი ინვესთმენთსა“ და ტელე-რადიოკომპანია „ტვ 24“-ის მფლობელ ვიქტორ მეძმარიაშვილს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 29 იანვარს გაფორმდა. ფიჩხაძემ "ტვ 24" 50 000 აშშ დოლარად იყიდა. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ დრომდე ტელევიზიის დირექტორიც ირა ფიჩხაძე იყო. ახალი გენერალური დირექტორი, ნანა ლეჟავა კი „ტვ 24“-მდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უძღვებოდა.

შოთა შალელაშვილი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის  წევრი „ქართული ოცნების" დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით გახდა. მან პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 
 
 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ