მეორე დღეა რუსული კანონის მოწინაღმდეგე ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სიძულვილის ენის შემცველ წარწერებსა და პლაკატებს უტოვებენ
10.05.2024


მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერები ხვდებათ. მათ შორისაა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“, რომელიც მომხდარს ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებულ ტერორად აფასებს: 

„უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი "სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.

გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც "სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.  არა რუსულ კანონს!“ - წერია „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში.

438164759-1007165581130666-155467449442444487-n

ღირსების შემლახველი პლაკატები და წარწერები დახვდა „მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელს, გელა მთივლიშვილს.

441601164-7900925676593967-2896702549535298542-n

„მედიის განვითარების ფონდის“ ოფისთან დატოვეს სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერებიც.



წარწერების გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა დაიწყო. ზარზე პასუხისას კი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. 

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტის: ნინო ზურიაშვილის, ნანა ბიგანიშვილისა და ნათია კუპრაშვილის უფლებების დასაცავად „მედიაომბუდსმენმა“ შესაბამის უწყებებსაც: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიმართა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ