POSTV-მა "პოსტ ალიონის“ წამყვანთან, ანა ამილახვართან თანამშრომლობა შეწყვიტა, შეჩერდა ირმა სოხაძის გადაცემა „დღის პოსტიც“
16.05.2024


POSTV-მა დილის გადაცემა "პოსტ ალიონის“ წამყვანთან, მსახიობ ანა ამილახვართან თანამშრომლობა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის გამო შეწყვიტა. 

ამილახვარმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ, 15 მაისს დაწერა: 

„ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდ პრეცენდენტი( მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს) მოკლედ დაველოდე და ისე მალე მომიხმეს გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე.

გუშინ ვიგებ, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?!“ - წერს ანა ამილახვარი.

POSTV -ზე შეჩერდა მომღერალ ირმა სოხაძის გადაცემა „დღის პოსტიც“.  როგორც სოხაძე ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, გადაცემის შეჩერებაზე ინიციატივა მისგან წამოვიდა და ტელევიზიის მენეჯმენტიც დაეთანხმა: 

„დროებით შეჩერდა სწორი ფორმულირებაა. გავაჩერეთ გადაცემა იმიტომ, რომ საერთო აზრამდე მივედით. არც მე მინდა და საერთოდ არ არც არის საჭირო ეს გადაცემა. მერე ვნახავთ აღვადგენთ, სხვას გავაკეთებთ, საერთოდ წამოვალ, თუ რას ვიზამთ. დროში გამოჩნდება ყველაფერი. ამჟამად გაჩერებულია გადაცემა“.

რამდენიმე დღის წინ ირმა სოხაძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა: "სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით". 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ