საქართველო
კატეგორია - საქართველო

გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, რომელიც ფარული ჩანაწერებისა და მაუწყებლიდან მასალების ამოღების საქმეში "TV პირველის" ინტერესებს იცავს, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, მიღებულ განჩინებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც  საზოგადოებამ უნდა იცოდეს:


1. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საჩივარი დასაშვებად სცნო. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კანონის ჩანაწერი, რომელიც საჩივრის წარდგენას შესაძლებლად მხოლოდ განჩინების აღსრულებიდან 48 საათში იძლეოდა, ამ კონკრეტული დავის განხილვისას ვერ გამოდგებოდა, რადგან განჩინება ისე ჩაგვბარდა, რომ მისი აღსრულება არ მომხდარა და ცხადია ვერ დაველოდებოდით ამ მომენტის დადგომას, რათა სასამართლოსთვის მიგვემართა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ეს ლოგიკა და როგორც უკვე აღვნიშნე, საჩივარი დასაშვებად სცნო, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა;


2. ის ფაქტი, რომ ლაშა კლდიაშვილის მიერ გამოცემულ განჩინებაში, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, არ ეწერა განჩინების ადრესატი (ანუ ვის მიმართ იქნა გამოტანილი), სააპელაციო სასამართლომ ძალიან არადამაჯერებელი და უფლებებისთვის საზიანო განმარტებით "გააუბრალოვა". სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას თან ერთვოდა რა იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი (რაც ცხადია ჩვენ არ ჩაგვბარებია), დგინდებოდა ვინ იყო ამოღების ადრესატი. ხოლო ის ფაქტი, რომ პროკურატურამ ჩვენ გადმოგვიგზავნა განჩინება და ჩვენ ის გავასაჩივრეთ, მიანიშნებს, რომ ჩვენთვისაც ცხადი გახდა, ვისზე ვრცელდებოდა განჩინება;

ეს მსჯელობა ცალსახად კანონსაწინააღმდეგო და ალოგიკურია, რადგან კანონი სასამართლოს არაორაზროვნად სთხოვს განჩინებაში მიუთითოს ვის მიმართ არის გამოტანილი ის და თუ რა ერთივს პროკურატურის შუამდგომლობას, არაარსებითია. კანონი ამ მოთხოვნას პროკურატურის თვითნებობის შესაზღუდად აწესებს. მაგალითად, იგივე განჩინება პროკურატურას წარმატებით შეეძლო გადაეგზავნა ნოდარ მელაძესთვის, მაკა ჩიხლაძესთვის, ტელევიზიის რომელიმე მემონტაჟისთვის, რადგან მასში არ ეწერა ადრესატი და გამოვიდოდა, რომ ის სწორედ მათ მიმართ არის გამოცემული. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ამაზე თვალი დახუჭა.


3. სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასმაართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის "სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი" და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში. სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი.

ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და "თავიდან მოიშორა" საკითხის ამ ნაწილში შესვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყევტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია;


4. სასამართლომ განჩინების ბოლო ნაწილში მიუთითა, რომ საჩივარში არასწორად გამოვიყენეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ("Roemen and Schmir v. Luxembourg), რადგან ის საქმე "ჩხრეკას" ეხებოდა, ხოლო აქ სახეზე "ამოღება" იყო. ცხადია, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ზემოხსენებული ქეისი ჩხრეკას ეხებოდა, მაგრამ მოწყობილბის ამოღება, რომელზეც სავარაუდოდ პროკურატურა ექსპერტიზას დანიშნავდა, რათა დაედგინა რაიმე სხვა ფაილი თუ ყოფილა მასზე ოდესმე ჩაწერილი და ამით წყაროზე გასვლას შეეცდებოდა, შინაარსობრივად (და არა ფორმით) სხვა არაფერია თუ არა ჩხრეკა. სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ლოგიკას ვერ ჩაწვდა.

5. სასამართლომ ცხადი განმარტება გააკეთა, რომ სსსკ-ის 50-ე მუხლის მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით და ჟურნალისტისგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოღების შეუძლებლობასთან, ისე თავად გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ფარგლებთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილი ლოგიკა საკამათოა;

"არ მინდოდა ეს საკითხი დროში ჩაკარგულიყო და საზოგადოებას არ სცოდნოდა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, ზემომოცემული ტექსტი განჩინების ჩემეული აღქმაა, ამიტომ ამ პოსტს თან ვურავ სასამართლოს განჩინებას, რათა შესაძლოა ვინმემ ის სხვაგვარადაც წაიკითხოს", - წერს გიორგი მშვენიერაძე.



შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს.

საქართველოს პროკურატურამ ეს მასალები იმ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა, რომელიც უწყებამ 9 მარტს დაიწყო, "TV პირველზე" გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. უწყება ამ საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით იძიებს.

კატეგორია - საქართველო
დღეს, 23 მარტს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კონკურსის "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" 2020 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. პრიზი 6 კატეგორიაში გაიცა. ასევე, გამოვლინდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზის მფლობელი, რომელიც ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას გაივლის. 

 კონკურსის გამარჯვებულები არიან: 

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: გიორგი გოგუა, სტატიისთვის: "გზაზე", რომელიც გამოქვეყნდა National Geographic-ში

ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე

  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: მერი შიხაშვილი, "დიდი დიღომი/უბანი ქალაქის საზღვართან", გამომცემლობა "ინდიგო"

ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი

  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ჩქარეული, საგამოძიებო სერიისთვის: "რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში", რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და გამოქვეყნდა გამოცემაში OC Media.

ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია

  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი, ბლოგისთვის "ცოტა რამ დედაჩემის შესახებ", ონლაინ გამოცემა "პუბლიკა"

ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია

  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი, ნაშრომისთვის - ბავშვები პროსტიტუციაში, "რადიო თავისუფლება "

ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე

  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:
გამარჯვებული: სოფო აფციაური, ფოტო: აქციის მონაწილეებმა ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ჯვარი აღმართეს, ონლაინ გამოცემა "პუბლიკა"

ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე

  • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):
გამარჯვებული: ქეთევან მაღრაძე, რეპორტაჟების სერიისთვის: ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ - რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და ონლაინ გამოცემა "მთის ამბებში" გამოქვეყნდა.

ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.




„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020-ში" 126 განაცხადი შევიდა. კონკურსში მონაწილეობდა ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომები ოთხკაციანმა ჟიურიმ განიხილა. 

ჟიურის წევრები იყვნენ: 
- ნინო ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსში“ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით როგორც კავკასიის ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად, ასევე შემდგომ დსთ-ს ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად. 2009 წელს ნინო ივანიშვილს მიღებული აქვს „როიტერსის“ საუკეთესო ჟურნალისტის წოდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისთვის.

- ეკატერინე ფირცხალავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მედია ტრენერი, ჟურნალისტიკაში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილებით. ეკატერინე, როგორც მედია კონსულტანტი, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით თანამშრომლობს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის მედია ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით ხელს უწყობს დამოუკიდებელი, ონლაინ მედიის გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.

- მაიკლ რენდელი, „ემი“-ს პრემიის ლაურეატი მედია კონსულტანტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში მედიის განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ძირითადად BBC-ს სახელით. 2019 წელს მაიკლი ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი მედიის საჭიროებების 12-თვიან შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მისი გამოცდილება საქართველოში ასევე მოიცავს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი რადიოსადგურების განვითარებას ჯავახეთსა და ქვემო ქართლში Studio Re-სთან თანამშრომლობით.

- იუსტინა მიელნიკევიჩი არის World Press ფოტოს, Canon-ის ,,საუკეთესო ფოტოჟურნალისტი ქალის” და სხვა პრემიების მფლობელი ფოტოგრაფი პოლონეთიდან, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, National Geographic, Newsweek, Le Monde, Stern და სხვა. 2014 წელს იუსტინამ წიგნად გამოსცა თავისი ფოტოები სახელწოდებით: ”ქალი მაიმუნით - კავკასია მოკლე ჩანაწერებსა და ფოტოებში”. 2019 წელს მის მიერ გამოცემული წიგნი "უკრაინა ამას გაივლის” შეირჩა Paris Photo-ს და Aperture- ის 20 საუკეთესო წიგნს შორის.

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. დაჯილდოება გაიმართა სრულად ციფრულ სივრცე „ჰოლოზეუმში“ Covid–თან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით.


„2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა დაჯილდოებისას.
 
„დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას", - თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.
 


რედ.: მასალას ეტაპობრივად ემატება გამარჯვებული ნამუშევრების სახელწოდებები და ბმულები
კატეგორია - საქართველო

ვენეციის კომისია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებში ხარვეზებს ხედავს. კომისიის მიერ გავრცელებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონის 46-ე მუხლი მედიის თავისუფლებას სახელმწიფოს ჩარევის რისკის წინაშე აყენებს და შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ე.წ გამყინავი ეფექტი გამოიწვიოს.

გარდა ამისა, კომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 46-ე მუხლის ამჟამინდელი ვერსია არ შეესაბამება საკუთრების უფლებას, ვინაიდან არ არის წარმოჩენილი მისი ლეგიტიუმურობა და თანხვედრაში არ მოდის პროპორციულობის ტესტთან.

საუბარია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებულ და შემდგომ უკვე მიღებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. თავის მხრივ სპეციალურ მმართველს რიგი უფლებამოსილებები ენიჭება.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონის 46-ე მუხლი სპეციალური მმართველის ფართო უფლებამოსილებას ითვალისწინებს და მას კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობას აძლევს, მაგალითად, დანიშნულ მმართველს შეუძლია სამაუწყებლო კომპანიაში შეცვალოს მაკონტროლებელი რედაქტორები და, ამგვარად, გავლენა იქონიოს სარედაქციო პოლიტიკაზე. ვენეციის კომისიისვე განცხადებით, აღნიშნული მუხლი მეტისმეტად ფართო და ბუნდოვანია, ის "კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას" საშუალებას აძლევს სპეციალური მმართველი აღჭურვოს ყველა მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების უფლებით, ისე, რომ არ დაექვემდებაროს კონტროლს.

დასკვნაში განმარტებულია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე სამაუწყებლო საქმიანობაში სპეციალური მმართველის პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩარევის რისკი არსებობს. მაგალითად დასაქმების კუთხით ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონის 46-ე მუხლი მედიის თავისუფლებას სახელმწიფოს ჩარევის რისკის წინაშე აყენებს და შესაძლოა ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერაციების სამაუწყებლო მხარის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ე.წ გამყინავი ეფექტი გამოიწვიოს.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ კანონში ცვლილებები დაჩქარებულად, სამი საპარლამენტო მოსმენით შევიდა, რამაც შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების დემოკრატიულ დიალოგში წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ვენეციის კომისია პრობლემურად მიიჩნევს, მე-11 მუხლში არსებულ ცვლილებებსაც და საერთო ჯამში ასკვნის, რომ ზემოთხსენებულ მუხლებში არსებული ჩანაწერები შესაძლოა სერიოზული შედეგის მომტანი აღმოჩნდეს საკუთრების, მედიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების მიმართულებით.

ვენეციის კომისია კანონში შესწორებების შეტანის აუცილებლობაზე წერს და რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორის რეგულაციების გავლენის შეფასებისა (RIA) და ყველა მხარესთან კონსულტაციების ჩატარებას, კონკრეტული ფრაზების განმარტებას, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ დეტალების დაზუსტებას და სხვ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილების თანახმად, "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი უფლებამოსილია:

 

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის დირექტორი (დირექტორები), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) (არსებობის შემთხვევაში);
 
ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;
 
გ) ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

ცვლილებების მიღებამდე არასამთავრობო სექტორი საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობდა.
კატეგორია - საქართველო

საქართველოში მედიის მიმართ ნდობა მცირდება, გამოკითხული მოსახლეობის 27% ფიქრობს, რომ ჟურნალისტები დეზინფორმაციას ავრცელებენ, პარალელურად, გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია - ეს არის ნაწილი იმ მიგნებებისა, რომელიც აჩვენა “ინტერნიუსის” კვლევამ საქართველოს საინფორმაციო ეკოსისტემის შესახებ.

ეს ფეისბუკთან ერთად განხორცილებული პირველი კვლევითი პროექტია საქართველოში. კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტს (55%) სჯერა, რომ მედია პარტიული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთანავე დიდია ალბათობა იმისა, მედიის მომხმარებლები ნდობით განეწყონ ისეთ მედიის მიმართ, რომლის სარედაქციო პოზიცია მათ პირად მოსაზრებებს ემთხვევა. კვლევის მიხედვით, ქართველების 49% ამბობს, რომ მედიის მიმართ არც ნდობა აქვს და არც უნდობლობა, 30% მედიას სრულად ან ნაწილობრივ ენდობა, 17% სრულად ან ნაწილობრივ არ ენდობა, 4% კი შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

ამავე ანგარიშის თანახმად, საზოგადოებას მედიის მიკერძოებულობის განსაზღვრა მეტწილად შეუძლია. ზოგადად მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დიდი, ეროვნული მაუწყებლები მთავრობის ან ოპოზიციის მხარეს იჭერენ.

კვლევის მიგნებებით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მედიაწიგნიერების არასაკმარისი უნარები აქვთ, თუმცა კარგად არიან ინფორმირებული მიკერძოებისა და დეზინფორმაციის შესახებ. კვლევის თანახმად, ქართველებისთვის პრაქტიკადაა ქცეული ახალი ამბების რამდენიმე წყაროდან მიღება და მათი კრიტიკული თვალით შეფასება. მოსახლეობის 38% ამბობს, რომ დეზინფორმაციას “ყოველთვის" ან “ხშირად” აწყდება, მხოლოდ 4% აცხადებს, რომ დეზინფორმაციას არასდროს ხვდება.

დეზინფორმაციის წყაროებად მოსახლეობა სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს აღიქვამენ. კერძოდ, დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ გამოკითხულთა 27% ქართველ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ასახელებს, ერთი პროცენტით მეტი (28%) მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლები ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები არიან. დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ 26% ქართველ ტროლებს/ბოტებს, 23% მთავრობის წევრებს, 22% აქტივისტთა ჯგუფებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს, 19% საჯარო პირებს/ ცნობილ ადამიანებს, 18% რიგით ადამიანებს, 15% უცხოელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, 15% კი უცხოელ ტროლებსა და ბოტებს აღიქვამს.

კვლევით დადგინდა, რომ ქართველებს ინფორმაციის გადამოწმების არასაკმარისი უნარები აქვთ. კვლევაში მონაწილეთა 40% აცხადებს, რომ მათ დეზინფორმაციის ამოცნობა შეუძლიათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათი უმრავლესობა ვერ ხსნის როგორ აკეთებს ამას. ინფორმაციის გადამოწმება უფრო მეტად ახალგაზრდებს, 18-35 წლამდე კატეგორიის მოსახლეობას შეუძლია, განსხვავებით უფრო დიდი ასაკის მოსახლეობისა, რომლებიც, დიდი ალბათობთ, უფრო მეტად ენდობიან თავიანთ ინტუიციასა და სოციალურ ქსელებს.

ქართველების აზრი იყოფა იმაზეც, თუ ვინაა პასუხისმგებელი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ყველაზე მეტი ადამიანი (29%) პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს, ნაწილს მიაჩნია, რომ დეზინფორმაცია მედიასაშუალებებმა და საზოგადოებამ უნდა შეზღუდოს, ყველაზე ცოტა (8%) ადამიანი კი ფიქრობს, რომ დეზინფორმაციას ონლაინ პლატფორმები უნდა ებრძოდნენ.

Internews-ის მიერ Facebook-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1310 ადამიანი და ჩატარდა 8 ფოკუს ჯგუფი (CRRC-ის მიერ), მათ შორის უმცირესობების ენებზე. დამატებით, მკვლევრები ესაუბრნენ 60-ზე მეტ რესპონდენტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ჩაღრმავებული ინტერვიუ), მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და 12,000ზე მეტი ფეისბუკ პოსტი შეისწავლეს(პოსტები და კომენტარები ფბ ჯგუფებში ნეტნოგრაფიული ანალიზის მეთოდით). და ბოლოს, ეთნოგრაფიული მეთოდით დააკვირდნენ მედიამოხმარებას ოჯახებსა და სამეზობლოებში.

კვლევის სამივე ნაწილს გაეცანით ამ ბმულზე.

კატეგორია - საქართველო
"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისების შეზღუდვას ითხოვენ. შესაბამისი საჩივარი არხის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოში დღეს შეიტანეს.

“რუსთავი 2-ისა” და “ პრაიმტამის” ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 15 მარტს, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოს “რუსთავი 2-ის” ქონების გასხვისების აკრძალვისა და დირექტორისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვის თხოვნით მიმართეს.  აღნიშნულ შეზუდვებზე სასამართლომ უარი თქვა. სწორედ ეს გაასაჩივრეს დღეს “რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა.

“რუსთავი 2-ის” წილის 60% 2019 წლიდან, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულია, თუმცა ყადაღა არ ადევს უძრავ და მოძრავ ქონებას. დვალი და აქიმიძე  ახალი ჰოლდინგური კომპანიისთვის ქონების შესაძლო გადაცემას ეწინააღმდეგებიან და შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

“იმ წილის 60%-ს, რომელსაც მე და ჯარჯი აქიმიძე ვდაობთ, ყადაღა ადევს და შესაბამისად, ეს წილები ვერ გასხვისდება, მაგრამ არსებობს ქონება, რაზეც ვდაობთ.  გაუგებარ სქემაზე ლაპარაკობენ, ჰოლდინგს - ასეთ ცნებას არ ცნობს ჩვენი კანონმდებლობა, შესაბამისად, რაზეა ლაპარაკი ბოლომდე გასაგები არ არის და აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ყადაღა დაედოს ასევე იმ ქონებას, რომელსაც ეს კომპანია ფლობს. ეს იქნება შენობა, მიწის ნაკვეთი, აპარატურა თუ ა.შ “, - აცხადებს “მედიაჩეკერთან” საუბარში დავით დვალი.

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის” მხრიდან ჰოლდინგის შესახებ გაკეთებული განცხადებები, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. “ფაქტობრივად, გამოდის, [განაცხადეს] ვმეგობრობთო, რაც ასე არ არის, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა”, - ამბობს დვალი.

შერჩევით სამართალზე საუბრობს დვალისა და აქიმიძის უფლებადამცველი. კახა კოჟორიძე “მედიაჩეკერთან” აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით სასამართლოსთან ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა ქიბარ ხალვაშს 2015 წელს, თუმცა “რადგან ბატონი ხალვაში მაშინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი იყო და ხელისუფლების ინტერესებს აჟღერებდა, მისი მოთხოვნები უსიტყვოდ კმაყოფილდებოდა და დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, რომლებიც დამოუკიდებელი ადამიანები არიან, ზუსტად ანალოგიური მოთხოვნები იმავე სასამართლოს მიერ არ კმაყოფილდება. ეს არის შერჩევითი მასრთლმსაჯულების პირდაპირი კლასიკური მაგალითი“, - აღნიშნავს კოჟორიძე.

ქონების გასხვისების საკითხზე არხის დამფუძნებლებს “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელ მფლობელსა და დირექტორთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. დავით დვალის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობას ოფიციალურ შეკითხვას მათი ადვოკატი გაუგზავნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2017 წლის 2 მარტს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. "რუსთავი 2-მა" და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 2019 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღსრულების შეჩერება გაუქმდა, არხი კვლავ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მაშინ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესათავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დღეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" 60 პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, "რუსთავი 2-ის" 40 პროცენტიან წილს ფლობს კომპანია “პანორამა”, რომლის მესაკუთრეც ქიბარ ხალვაშია. ტელეკომპანიის თავდაპირველი მესაკუთრეები - დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი, ია კიწმარიშვილი, "რუსთავი 2-ის" დაბრუნებას დღემდე ცდილობენ.


მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "რუსთავი 2" და გამოცემა Prime Time ერთ ჰოლდინგად ყალიბდება. როგორც პაატა სალია ამბობს, გაერთიანების მიზანი არხის საეთერო ბადის გამრავალფეროვნება და მედიაბაზარზე ლიდერობის დაბრუნებაა.

როგორც “რუსთავი 2-ის” დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” განმარტავს, გაერთიანების იდეა “პრაიმტაიმის” ერთ-ერთი მფლობელს თაკო ფხაკაძეს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს, “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ღამის კურიერის” მთავარი პროდიუსერია.

“ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით რთული იყო წინა წელი, მაგრამ პარტნიორის ძალისხმევით, ქიბარ ხალვაშის ძალისხმევით, არხმა შეინარჩუნა პოზიციები. ახლა გვაქვს ამოცანა, რომ წავიდეთ წინ, გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა და დავიბრუნოთ პირველობა. ამისთვის გვჭირდება მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში “პარიმტაიმმა” გამოთქვა ინტერესი”, - ამბობს პაატა სალია.

მისივე თქმით, “რუსთავი 2” და Prime Time როგორც საინფორმაციო საშუალებები - სააგენტო და სატელევიზიო არხი, ცალ-ცალკე დარჩება:

“მოხდა სტრუქტურული გაერთიანება, მენეჯმენტი, გარკვეული პროცესების მართვა, და ა.შ., რაც ნაკლებად ჩანს ინტერფეისზე, ანუ მაყურებელმა ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიქვას უკეთესი პროდუქტების ნახვის შედეგად და არა რაიმე სხვა სახით. სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება”, - განმარტავს სალია.

“რუსთავი 2-ის” დირექტორი ამბობს, რომ მაუწყებელში ბევრი სიახლე, მათ შორის ახალი პლატფორმების შექმნა იგეგმება. ამჟამად ამ მიმართულებით მხოლოდ გარკვეული მონახაზი არსებობს. პაატა სალია არხზე “ბევრი საინტერესო სახის დამატებას” აანონსებს და ამბობს, რომ ახალი თანამშრომლების აყვანის პარალელურად, შესაძლოა, არხს გუნდის ზოგიერთ წევრთან დამშვიდობება მოუწიოს, ასევე ჩანაცვლდეს გადაცემები. უკვე ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ში”დაბრუნდნენ გიორგი ხაბურძანია - მთავარ პროდიუსერად და დემნა ჯაფარიძე - არხის მთავარ რეჟისორად.

“გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ არ იგეგმება რაიმე მასობრივი დათხოვნა თანამშრომლების, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს ბევრი მიმართულებით. შესაძლოა ვიღაცასთან მოგვიწიოს დამშვიდობება, შესაძლებელია გარკვეული გადაცემების ჩანაცვლება მოხდეს სხვა ტიპის გადაცემებით - ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ და გვექნება ის გადაცემები, რაც კიდევ უფრო მეტ რეიტინგს მოიტანს”,- აცხადებს პაატა სალია “მედიაჩეკერთან”.

რამდენიმე დღის წინ არხზე დაბრუნდა ჟურნალისტი დავით ნიკურაძეც, რომელიც ვაშინგტონის ბიუროს წარმოადგენს. კორესპონდენტმა "რუსთავი 2" 2019 წელს გუნდის სხვა წევრებთან ერთად დატოვა და მოგვიანებით მუშაობა "ფორმულაზე" განაგრძო.

დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია კი "რუსთავი 2-დან" ტელეკომპანია "იმედში" 2017 წელს გადავიდნენ. ისინი "რუსთავი 2-ზე" სხვადასხვა შოუს, მათ შორის " ნიჭიერს" და "საქართველოს ვარსკვლავს" ამზადებდნენ. მათ მფლობელობაში არსებული კომპანია “ნოვა პროდაქშენსი“ შოუებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ქმნის.

"რუსთავი 2-ში" სტრუქტურული რეორგანიზაცია მარტის დასაწყისში გამოცხადდა. მაუწყებლის გენერალური დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” აცხადებდა, რომ რეორგანიზაციის მთავარი მიზანი საეთერო ბადის განახლება და არხის სტრუქტურულად დახვეწაა.
კატეგორია - საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს სამართლებრივად ირეაგიროს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებზე, რომლებიც პოლიციას კომენდანტის საათის დროს სექსმუშაკების მფარველობაში ამხელს. რა იგულისხმება სამართლებრივ რეაგირებაში, ჯერჯერობით უცნობია, რადგან საჩივარი ჯერ არ არსებობს, თუმცა, ბოლო პერიოდის ტენდენციების ფონზე, მედიაწრეებში უწყების ეს ღია განცხადება უკვე აღიქვეს, როგორც კრიტიკული მედიის დაშინების მცდელობა.

სადავო სიუჟეტები გადაცემა “შაბათის ფორმულაში” 23, 30 იანვარს და 13 მარტს გავიდა. რეპორტაჟების თანახმად, შსს-ს მაღალჩინოსნები სექსმუშაკებს კომენდანტის საათის დროს “ესკორტად ემსახურებიან”. ბოლო სიუჟეტში, რასაც შსს-ს განცხადება მოჰყვა, “ფორმულა” ამტკიცებს, რომ რამდენიმედღიანი დაკვირვებით გაარკვიეს, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს იმ ავტომობილს, რომელმაც სექსმუშაკი სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს კონკრეტულ მისამართზე მიაცილა.

უწყებაში “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მაუწყებელი მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, რათა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს და პოლიციის მიმართ ნდობა შესუსტდეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა გზით აპირებენ “ფორმულას” წინააღმდეგ დავას, და დღესაც იგივეს ამბობენ, რასაც რამდენიმე დღის წინ, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”.

გადაცემის წამყვანი დავით ქაშიაშვილი ამბობს, რომ უწყებიდან მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს და, გავრცელებული საჯარო განცხადების გარდა, ამ ეტაპზე არაფერი იციან. ტელეკომპანიას სამართლებრივი დაცვა “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI) უკვე შესთავაზა. დეტალები ჯერჯერობით არც ორგანიზაციაში იციან, თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოში დაიცვან მაუწყებლის ინტერესები.

მედიის საკითხებზე მომუშავე იურისტებს წინასწარ საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ კონკრეტულ შეფასებებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს განცხადებაში სასამართლოზე იყო აქცენტი გაკეთებული, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონმდებლობით არ აქვს იმის უფლება, რომ სასამართლოში იჩივლოს:

“შსს თვითონ ვერ იჩივლებს პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში. ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დაიშვება და კანონში პირდაპირ წერია, რომ ვერ შეიტანს ადმინისტრაციული ორგანო სარჩელს”.

მისივე თქმით, თავად პოლიციელებს შეუძლიათ იჩივლონ და სამოქალაქო დავა დაიწყონ მაუწყებლის წინააღმდეგ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში აქვს სამინისტროს დავაში ჩართვის უფლება:

“მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება თვითონ პოლიციელებმა იჩივლონ, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი სამოქალაქო დავა და მე ვერ წარმომიდგენია და გაუგებარია, აქ შსს-მ რანაირად შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. შსს ვერ ჩაერთვება ამ საქმეში და არ შეიძლება დაინტერესებული იყოს სამოქალაქო დავაში რაიმე ფორმით, ეს წარმოუდგენელია”.

“საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი, რომელიც წლებია მუშაობს მაუწყებელთა თვითრეგულირების საკითხებზე, ამბობს, რომ თუ შსს სასამართლოს გზას აირჩევს, ეს მისთვის უარესი იქნება:

“ინსტიტუციას რისი უფლებაც არ აქვს კანონით, თუ იმას აკეტებს გვერდის ავლით და აწერინებს თავის თანამშრომლებს საჩივრებს და ასე წავა სასამართლოში, ეს კიდევ უფრო უარესი პრაქტიკა იქნება იმის, რომ თავისი ე.წ. რეპუტაცია აღიდგინოს. ეს ნიშნავს, რომ უწყება პოულობს კანონში ხვრელს. ზოგადად, პრობლემა გვაქვს კანონის არასწორ ინტერპრეტაციებში ან ხვრელების პოვნაში, რომ სათავისოდ, ანუ, ცუდი გაგებით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენონ”.

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ როდესაც მაუწყებელთან არსებობს შინაარსთან დაკავშირებული პრეტენზია, ჩვენი კანონმდებლობით ყველაზე სწორი გზა თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვაა:

“ჩვენი კანონმდებლობით, ყველაზე სწორი და ნათელი გზა არის ის, რომ მან მიმართოს “ფორმულას” თვითრეგულირებას და იმსჯელოს ჟურნალისტებთან ერთად, რა არის დარღვევა და რა არა. ამ პრაქტიკას, ამ მექანიზმებს, პირველ რიგში, ვინც დაწერა ეს კანონები და ვინც აღსრულებაზეა ვალდებული, ისინი არ იყენებენ. მერე იოლად ლაპარაკობენ, რომ არ მუშაობს ეს მექანიზმები, მაგრამ როგორ იმუშავებს, როცა სამართლიან მოწყობაზე პასუხისმგებელი უწყება არ იყენებს თვითონ ამ მექანიზმებს. თუ გადააბიჯებს თვითრეგულირებას და წავა სასამართლოში და იქ დაიწყებს დავას, ეს იქნება არასამართლებრივი ნაბიჯი და მაშინ მან უნდა დაასაბუთოს, რატო გამოტოვა თვითრეგულირების გზა და რატომ წავიდა პირდაპირ სასამართლოში”.

ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მედიასთან ბრძოლის ერთგვარი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. მისი შეფასებით, უწყება ცდილობს, ამჯერადაც მედიაზე გადაიტანოს ყურადღება, ბოლო პერიოდის მაგალითებს იხსენებს და “ტვ პირველის” საქმესთან ავლებს პარალელს, როდესაც სასამართლომ გამოძიება არა მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში გაჟღერებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, არამედ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით დაიწყო.

“ზოგადად, მიდგომასავით ჩამოყალიბდა, “ტვ პირველთან” მიმართებითაც რაც მოხდა, შინაარსზე კი არ გაამახვილეს ყურადღება, არამედ - ფორმაზე, აქაც იგივე ხდება დაახლოებით. საკითხთან მიმართებით კი არ იწყებენ მოკვლევას (ყოველშემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწვდიათ), არამედ საუბარია იმაზე, რომ ფორმასთან მიმართებით ხდება კონცენტრირება და არა შინაარსთან. შსს ცდილობს, მედიაზე გადაიტანოს ყურადღება. აქ კონკრეტულად x და y პოლიციელი კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელმა მიაცილა, აქ მთავარია ის, რომ პოლიცია მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში და ეს საკითხი უნდა მოეკვლიათ და საზოგადოების ინფორმირება მოეხდინათ. ნაცვლად ამისა, მედიაზე გადააქვთ აქცენტი, რომ მედია აკეთებს რაღაცას არასწორად.”

ნათია კუპრაშვილიც იმავეზე საუბრობს და ამბობს, რომ “ბოლო პერიოდში, ასეთი პრაქტიკა აქვთ, რომ თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვააო, მისდევენ თავდასხმის პოლიტიკას და ამით ცდილობენ გადაირჩინონ თავი და დაფარონ დანაშაული”.
კატეგორია - საქართველო

Internews-მა ფეისბუკთან ერთად განხორციელებული კვლევითი პროექტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია ქართული მედია გარემო, საინფორმაციო საშუალებები და ინფორმაციის გავრცელების წყაროები, მოსახლეობის დამოკიდებულებები და ქცევა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების მიმართულებით, მათ შორის სოციალურ მედიასა და ინტერნეტში.

პროექტის ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა (მათ შორისაა ანა ქეშელაშვილი - წამყვანი მკვლევარი, მაია მიქაშავიძე, თეონა ქავთარაძე, ეკა ბასილაია, მარიამ მენაბდე და CRRC-ს კობა თურმანიძე, ოთო სალდაძე და ქრისტინა ვაჭარაძე) სამი მოხსენება მოამზადა საქართველოში ინფორმაციის წარმოების, გავრცელებისა და მოხმარების შესახებ, მათ შორის ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში.

კვლევის შედეგები სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს მთავარ მიგნებებს და რეკომენდაცაციებს, და მიმოიხილავს ზოგად ინფრასტრუქტურას და გარემოს, რომელშიც ინფორმაცია ვრცელდება. მეორე ნაწილი მედიასაშუალებებს და ინფორმაციის სხვა გამავრცელებლებს ეძღვნება, მათ შორის ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში. მესამე ნაწილი კი ადამიანების მიერ მედიის მოხმარებაზე და აღქმაზე აკეთებს აქცენტს.

Internews-ის ინფორმაციით, ამ კვლევისთვის საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1310 ადამიანი და ჩატარდა 8 ფოკუს ჯგუფი (CRRC-ის მიერ), მათ შორის უმცირესობების ენებზე. დამატებით, მკვლევრები ესაუბრნენ 60-ზე მეტ რესპონდენტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ჩაღრმავებული ინტერვიუ), მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და 12,000ზე მეტი ფეისბუკ პოსტი შეისწავლეს(პოსტები და კომენტარები ფბ ჯგუფებში ნეტნოგრაფიული ანალიზის მეთოდით). და ბოლოს,  ეთნოგრაფიული მეთოდით დააკვირდნენ მედიამოხმარებას ოჯახებსადა სამეზობლოებში. 

კვლევის სამივე ნაწილს გაეცანით ამ ბმულზე.

კატეგორია - საქართველო
2020 წელს ტელევიზიებში კომერციული შემოსავალი 9%-ით შემცირდა. მართალია, პოლიტიკურმა რეკლამამ წლის განმავლობაში შემოსავლები დაასტაბილურა, მაგრამ, მაუწყებელთა ნაწილზე, განსაკუთრებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებზე, კომერციული შემოსავლის კლება მაინც მძიმედ აისახა.

“ვგეგმავდით განვითარებას, გვქონდა ტექნიკური გადაიარაღების და ახალი გადაცემის დაწყების გეგმები, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაჩერდა ეს ყველაფერი”, - ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ წლებია “კავკასია” ისედაც მწირი შემოსავლებით არსებობს, შესაბამისად, ამ “დარტყმასაც გაუძლეს”, თუმცა, არ იყო მარტივი: “უმძიმესი გავლენა იქონია, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ არსებობას”.

როგორც “მედიაჩეკერთან” მაუწყებლების სარეკლამო სამსახურები განმარტავენ, ტელევიზიების ძირითად ნაწილთან გასულ წელს რეკლამები იმ კომპანიებმა შეაჩერეს, რომლებიც შეზღუდვების გამო აღარ ფუნქციონირებდნენ და მომხმარებლებს მომსახურებას ვეღარ უწევდნენ.

მაგალითად, შეზღუდვების პირველი ტალღის დროს უმეტესად ქართული კომპანიებიდან წამოსული რეკლამების შეჩერებაზე საუბრობენ “TV პირველში”. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ამ კუთხით 2020 წლის გაზაფხულზე მიიღეს.

პანდემია განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ისედაც მცირეშემოსავლიანი რეგიონული ტელევიზიებისთვის. “ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს” კომერციული დამკვეთებისგან 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის შესყიდვები გაუუქმდა. რეგიონული არხების უმრავლესობაში კომერციული რეკლამებიდან შემოსავლის დაახლოებით 70-80%-იანი კლება დაფიქსირდა. რეკლამები გააჩერეს მსხვილმა დამკვეთებმა, მათ შორის, ბანკებმა და საკომუნიკაციო კომპანიებმა.

“ჩვენთან გაცილებით უფრო დრამატულია კლება ვიდრე, ეროვნულ მაუწყებლებში. ახლა საერთოდ ნულოვანია შემოსავლები რეგიონულ ტელევიზიებში, კომერციული მხარდაჭერის გეგმებიც კი არ არსებობს. როგორც კი პანდემია დაიწყო, პირველადი შემცირებები, რაც მოხდა იყო რეგიონულ მედიებთან ბიუჯეტებზე”, - ამბობს “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი და ამატებს, რომ გასული წელს ეს კლება დონორთა მხარდაჭერამ დააკომპენსირა, - “რაც რეგიონულ ტელევიზიებში შევიდა როგორც კომერციული მომსახურება. პოლიტიკურმა რეკლამამაც დაასტაბილურა ბევრი რამ, ამან გადაარჩინა გარკვეულწილად ეს სექტორი. მეტი დარტყმა ჰქონდა რადიოებს, იყო პირდაპირი ვარდნა და საერთოდ არანაირი რეკლამა არ გაიყიდა”.

შემოსავლების ვარდნა განსაკუთრებით მტკივნეული დაუგეგმავი ხარჯების ზრდის ფონზე იყო: “განსაკუთრებით გაიზარდა გადაადგილებისა და დამცავი ეკიპირების ხარჯები. აქაც ხელშეწყობა რეგიონულ მედიებში ძირითადად დონორებიდან მოდიოდა. სწორედ დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი სახელფასო ანაზღაურების შენარჩუნება”.

რეკლამების ძირითადი ნაწილის განთავსების კუთხით საქართველოს 7 ტელევიზიას: ”რუსთავი 2-ის” ჯგუფში შემავალ არხებს: “რუსთავი 2-ს”, “მარაოს”, “კომედი არხს”, “იმედი ჰოლდინგის” სამ არხს: “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-ს” და “POSTV-ს” მომსახურებას კომპანია Dac capital უწევს.

ორგანიზაციის დირექტორი დავით ჭეჟეა განმარტავს, რომ ზემოთ ნახსენებ 6 მაუწყებელზე ( გარდა პოსტვ-ისა) რეკლამებზე მოთხოვნები გასულ წელს, მეორე კვარტალში, 30%-ით დაეცა. ძირითადად საყოფაცხოვრებო დარგის კომპანიებისგან, ასევე მცირედით შემცირდა რეკლამები სწრაფი რეალიზების პროდუქტებზე ( FMCG ). აღნიშული ვარდნა ძირითადად კონკრეტული ბიზნესობიექტების მუშაობის შეჩერებამ და დროებით დახურვამ გამოიწვია.

“ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დიდ ბრენდებზე. ზოგადად ასეთ კომპანიებს რეკლამაზე გაწეული ხარჯი მიბმული აქვთ გაყიდვებზე, თუ გაეზარდათ გაყიდვები, დიდი ალბათობით, იზრდება სარეკლამო ბიუჯეტებიც. ახლა ტენდენცია რაც ჩანს, არის ზრდისკენ”, - განმარტავს ჭეჟეა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

“კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირებაა” დასახელებული იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ცოტა ხნის წინ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც შესაძლოა “სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება” მოჰყვეს.

ტელეკომპანია “იმედში” კი აცხადებენ, რომ კომერციული რეკლამებიდან შემოსავლის კლებას გავლენა არ ჰქონია არხის მუშაობასა და გეგმებზე.

როგორი იქნება მიმდინარე, 2021 წელი, ტელევიზიებში პროგნოზი უჭირთ. ამის მიზეზი პანდემია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური ვითარებაა. წინა წელთან შედარებით უკეთესი ვითარებაა ეროვნულ მაუწყებლებში, თუმცა კვლავ მძიმე კრიზისის წინაშე რჩებიან რეგიონული არხები, რომლებთან მიმართებაშიც, ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, რეკლამის დამკვეთებს გეგმები არ აქვთ, აქტივობები და გეგმების განხორციელება გვიანდება სამოქალაქო ორგანიზაციებიდანაც, რომლებთანაც რეგიონულ მაუწყებლებს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ.
კატეგორია - საქართველო


"ქართული ოცნების" ყოფილი პიარტექნოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ POSTV-ზე "დიდი გეგმებით" დაბრუნდა და "ნაციონალური მოძრაობის ამოსაკვეთად" არხი მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა, არხზე აღარ მუშობს. 

ნაცვლიშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. იგი ამბობს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფარული ჩანაწერების გასაჯაროება მას უკავშირდება, სიცრუეა. იქვე, იგიდასძენს, რომ არხიდან მისი წამოსვლით არაფერი იცვლება.

“პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ", - წერს ნაცვლიშვილი.


 

შეგასენებთ, სამი კვირის წინ ლაშა ნაცვლიშვილმა, ისევ სოციალური მედიით გვამცნო, რომ "დიდი  პატივით, გეგემებითა და პასუხისმგებლობით ბრუნდებოდა POSTV-ს ხლმძღანელად" და მისი მიზანი იყო არხს, რომელიც "მოხულიგნო ინტერნეტპლატფორმიდან დაიბადა, მეტი შეუპოვრობით უნდა დაეცვა 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვარი".  



არხზე დაბრუნებიდან ორ დღეში კი დაწერა, რომ  "ნაციონალური მოძრაობის ამოსაკვეთად" არხი მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადიოდა..

"ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!”, - წერდა ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე 23 თებერვალს.


ტელეარხი POSTV პროსახელისუფლებოა და, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. მის ეთერში ფაქტობრივად არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას", - ასეა შეფასებული POSTV 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში.

POSTV 2017 წელს დაფუძნდა და იგი დაფუძნების დღიდან ღიად მუშაობდა ყოფილი ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის ანტიპიარზე. ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური სამიზნეა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები: კერძოდ, POSTV-ის გუნდი აქტიურად აკრიტიკებს იმ ტელევიზიებს (ადრე, სამიზნე იყო “რუსთავი 2”, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ამ ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ძირითადი სამიზნეა მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”.

კატეგორია - საქართველო
დღეს, 12 მარტს, საღამოს, სერვერებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, ტელეკომპანია "იმედი" და "იმედის" ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიები, "მაესტრო" და "GDS" ვერ მაუწყებლობდნენ.

"იმედის" განცხადებით, სერვერების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური სამსახური შეფერხების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

ტელეკომპანია „იმედისა” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა” და GDS-ის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. ამ პერიოდში შეფერხებით მუშაობდა ვებ-გვერდი imedinews.ge-ც.


მთავარი ფოტო: ტელეკომპანია "იმედი"
კატეგორია - საქართველო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში "ტელეკომპანია პირველის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას.

"ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.



შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩატარებას ნიშნავს.

 
საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.

სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დღეს "TV პირველის" დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფად ირეაგირონ მომხდარზე:

"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება. დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტვ პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს”, - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტეელვიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. და იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ნივთი რომც არსებობდეს, მის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა. 

მომხდარს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლოს განჩინება ბევრი კუთხით არის პრობლემური. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ეს განჩინება საშიში პრეცენდენტია. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს. ეს განჩინება მძიმე და საშიშ პრეცენდენტად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამმისი განცხადებით, განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. მედიაკოლიციამ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს საფრთხე მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ.